Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი უზენაესმა სასამართლომ გაამტყუნა

ნიკა ჩერქეზიშვილიპოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი უზენაესმა სასამართლომ გაამტყუნა. სამი წელია პოეტი სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვის და სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებას აპროტესტებს. ნიკა საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

ნიკა ჩერქეზიშვილი:

“უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ჩემს საქმეზე ისე, რომ არც განუხილია.
ფაქტობრივად იგივე გააკეთა სააპელაციომაც.

სამი წლის განმავლობაში ვიბრძვი ამ უსამართლობის წინააღმდეგ, მაგრამ ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს.

არსებობს მხოლოდ ფული, გავლენიანი გარემოცვა და ათასობით ძარღვგაწყვეტილი შუბლი.
აბსოლუტური განუკითხაობა.

სწორედ ამ საყოველთაო უპასუხისმგებლობის გამოა, რომ დღე არ გავა, რამე უბედურება არ მოხდეს, თუმცა სხვისი ჭირი სხვისი ჭირია მხოლოდ.

საზოგადოება კასტრირებულია.
მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მოსპობს სისტემა კაცს, ლამისყანაში აიყვანს და დალეწავს თუ ასე, მოუჭრის ყველა გზას, რომ საკუთარ თავსა და ოჯახს მიხედოს.
სისტემა ისევ კლავს.

არ არსებობს იმაზე დიდი მარტოობა, როცა უამრავი სასარგებლო რამ შეგიძლია გააკეთო და ამის უფლება წართმეული გაქვს.
ექცევი ვაკუუმში.

ცხოვრებაც როგორ ეწყობა ასეთ დროს, ვიცით, ყველა აღმართში ყველა ქვა მოგეწევა ადამიანს. ჩემი ოჯახის წევრები ეწირებიან ამ ყველაფერს და ეს არის უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხი.
მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და უფრო და უფრო რთულად ასატანი ხდება.

არ ვიცი, რა უნდა ვქნა.
მართლა არ ვიცი…”