Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მწერალთა სახლი – ეს არის სირცხვილი!

მწერალთა სახლი - ეს არის სირცხვილი!– არ მინდა ვინმეს გული ვატკინო, უარყოფით კონტექსტში ვახსენო, მაგრამ ხმის ამოუღებლობაც არ გამოდის, – ამბობს პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი. მწერალთა სახლი მისთვის ის ადგილი იყო, სადაც შეეძლო მისულიყო და თავის მკითხველთან ესაუბრა, თუმცა სივრცის დათმობაზე უარი ეთქვა.

ნიკა ჩერქეზიშვილი:

“მწერალთა სახლმა უარი მითხრა სივრცის დათმობაზე.

რა უნდა ვთქვა…

არ მინდა ვინმეს გული ვატკინო, უარყოფით კონტექსტში ვახსენო, მაგრამ ხმის ამოუღებლობაც არ გამოდის.

არასოდეს მითქვამს პოეტი ან მწერალი ვარ-მეთქი და არც ადგილის დათმობის თხოვნით მიმიმართავს ვინმესთვის, რომ ჩემი ნაწერები საზოგადოებისთვის გამეცნო.

ერთადერთი აქ, ჩემს კედელზე თუ დავწერ რამეს, ეს არის და ეს. არავის ვაწუხებ.

ასე რომ ეპასუხათ, რომელი მწერალი ან პოეტი შენ ხარო, მოვუხდიდი ბოდიშს და წამოვიდოდი ჩემს გზაზე, მაგრამ მათი უარი ჩემს თხოვნაზე, დაეთმოთ სივრცე, რათა საშუალება მომცემოდა შევხვედროდი მწერლებსა და მკითხველებს იმისთვის, რომ მესაუბრა საკუთარ ცხოვრებაზე, იმ უსამართლობაზე, რაც ახლა ჩემ გარშემო ხდება, უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე ის გადაწყვეტილება, რამდენიმე დღის წინ, უზენაესმა სასამართლომ საქმის განუხილველად რომ გამოიტანა.
უბრალოდ, ადგა და დაეთანხმა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებებს.
იგივე გააკეთა მანამდე სააპელაციო სასამართლომაც და ერთ სხდომაში დაამთავრა პროცესი.
სხდომის დაწყებამდე იცოდა სამივე მოსამართლემ, რა უნდა ექნა.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი არის საშინლად დამთრგუნველი, მაგრამ მაინც არ უმოქმედია ჩემზე ისე ცუდად, ისე დამანგრევლად, როგორც მწერალთა სახლის დღევანდელმა პასუხმა იმოქმედა – ერთი საათით დაეთმოთ სივრცე, იქნებ, ერთობლივად, საერთო ძალით მოგვეხერხებინა რამე.
მივიღე ცივი უარი.
მიპასუხეს, რომ მწერალთა სახლს არ ახსოვს პრეცენდენტი, რომ ვინმეს ამ შენობაში ცხოვრებაზე ესაუბროს და ამას ვერც ახლა დაუშვებენ.
მითხრეს, რომ მე მაქვს პრობლემები სახელმწიფოსთან, მწერალთა სახლიც სისტემის ნაწილია და დებულება უკრძალავთ, დამითმონ სივრცე.
რაღა საზოგადოებრივი მაუწყებელი და რაღა ეს ორგანიზაცია, რომელსაც ასეთი სახელი ჰქვია, ბიუჯეტიდან ფინანსდება და ნაცვლად იმისა, რომ სამართლიანობის მხარეს დადგეს, სისტემის ინტერესებს იცავს.

ვის რაში სჭირდება ასეთი მწერალთა სახლი?
ვის რაში სჭირდება ცხოვრებისგან მოწყვეტილი, ამპუტირებული ლიტერატურა?
საბოლოოდ იქამდე მივალთ, რომ მხოლოდ მწერალ-პოეტები ივლიან ერთმანეთის საღამოებსა თუ წიგნის პრეზენტაციებზე და დაიკარგება კავშირი ხალხთან, სულერთი იქნება ერთი მეორისთვის.
ალბათ, დამცველები გამოუჩნდება ამ ინსტიტუტს, მაგრამ მათაც და იმ ადამიანებსაც, ვისზეც ჩემსავით ცუდად იმოქმედებს ეს ამბავი, ვეტყვი, რომ მართალი ვარ. მართალი ვარ ერთი ან ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტით კი არა, ასით და ცოცხალი ვიქნები თუ მკვდარი, მოვა დრო და მაინც დამტკიცდება ეს.
არავინ მეპატიჟება, სახეზეც ამაფარეს კარი, მაგრამ ჩემი ფეხი არ იქნება ამ შენობაში, ვიდრე ასეთი მიდგომა ექნება მწერალთა სახლს.
ვიდრე თანამდებობებისა თუ პრივილეგიების დაკარგვის შიშით, კარს მიუჯახუნებენ დახმარების სათხოვნელად მისულ კაცს.

იქნებ, რა უნდა ვთქვა.
იქნებ, სისხლი გასხამს ყელში, ისეთ არაადამიანობასთან გაქვს საქმე.
მწერალთა სახლი რომ ამას აკეთებს, რას იზამს სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი?
მათი ეს გადაწყვეტილება არ გაანაწყენებს ვინმე ზემდგომს, მთავარი ეს არის და არაუშავს თუ სადღაც ვიღაცას სული ემსხვრევა.

მაინცდამაინც ფატალურად უნდა დასრულდეს ყველაფერი, სიკვდილითა და ჯოჯოხეთით, რომ ვინმემ თვალებში გამოიხედოს?
ისეთ მდგომარეობაში ვარ, შორს აღარ არის ეს დღე.
მწერალთა სახლი – ეს არის სირცხვილი!”