Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ვის სურს ხელოვნების სასახლისთვის უმთავრესი ფუნქციის ჩამოშორება?

ვის სურს ხელოვნების სასახლისთვის უმთავრესი ფუნქციის ჩამოშორება?საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის იგივე ხელოვნების სასახლის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ ძალები, რომლებსაც სურთ იგი უმთავრეს ფუნქციას – შეინახოს, მოუაროს და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ კინოხელოვნებას ხელოვნურად ჩამოაშორონ.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, პროფესორი გიორგი კალანდია ავრცელებს:

“ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ ძალები, რომელთაც ძალიან სურთ ჩვენი მუზეუმის ერთ-ერთი უმთავრესი ფუქცია – შეინახოს, მოუაროს და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ კინოხელოვნებას, მას ხელოვნურად ჩამოაშორონ და ეს მანტია თავად მოირგონ.

უკვე აშკარაა მცდელობა იმისა, რომ საქართველოს ხელოვნების სასახლის საპირწონედ შეიქმნას ახალი უწყება, რომელიც მთლიანად შეითავსებს კინოხელოვნების საცავის ფუნქციას, თუმცა მიმაჩნია ეს უშედეგოა და უსუსური.

განვმარტავ ამის მიზეზებსაც: ჩვენი უწყება, ანუ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი შეიქმნა 1927 წელს და სწორედ ამ შორეული პერიოდიდან დაიწყო აქ კინოსადმი დაკავშირებული მასალების შეგროვება, ამიტომ ჩვენს მუზეუმში ინახება საქართველოში გამოყენებული პირველი კინოაპარატები და კინოლენტები. მათ შორის აქ არის უნიკალური Laterna Magica.

ხელოვნების სასახლეში ინახება 10 ათასზე მეტი კინო აფიშა, აქ იხილავთ პირველ სინემატოგრაფიულ აფიშებსაც, აქ არის წარმოდგენილი 1500-ზე მეტი კინოსცენარი, კოლექციაშია ვასილ ამაშუკელის და ალექსანდრე დიღმელოვის ავტოგრაფები, არაფერს ვამბობ 15 ათასზე მეტ კინოსთან დაკავშირებულ ფოტოზე, 8 ათას ნეგატივზე. მუზეუმში ინახება ქართული კინოს ისეთი კორიფეების არქივები, როგორებიც არიან მიხეილ ჭიაურელი, კოტე მიქაბერიძე, ნატო ვაჩნაძე, აკაკი ვასაძე, სერგო ზაქარიაძე, სესილია თაყაიშვილი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი.

მუზეუმს გააჩნია უმდიდრესი კინოკოსტიუმების კოლექცია, რომელიც 300-ზე მეტ ერთეულს მოიცავს. ამდენად აქ არის წარმოდგენილი მთელი ქართული კინოხელოვნება. ეს ძვირფასი კოლექცია დავით არსენიშვილიდან მოყოლებული ღირსეულად მოიტანა ჩვენი მუზეუმის არაერთმა თაობამ, ამიტომ ამ დამსახურების დაჩრდილვის და იგნორირების უფლებას ვერავის მივცემთ. საბედნიეროდ, ქვეყანაში უკვე არსებობს საკმაოდ დიდი ტრადიციის კინოს მუზეუმი და ახალი უწყებების გამოგონება, ვფიქრობ, არ არის საჭირო, არც კინოს მუზეუმის ფუნქციის შეთავსებას ვურჩევ ვინმეს, რადგან ეს ღიმილის მომგვრელია. ჩემთვის გაუგებარია ეს „ფათი-ფუთი“, რადგან იმედია ვერავინ იტყვის იმას, რომ ჩვენი მუზეუმი დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს, საქმეს მოწოდების სიმაღლეზე არ აკეთებს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ ფორუმებზე არ ცდილობს საკუთარი კოლექციების წარმოჩენას.
ამ მხრივ ყველა მინდა გავახარო, ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და სულ მალე ხელოვნების სასახლე ფრანგული და იტალიური სინემატიკის ტიპის გამორჩეულ ექსპოზიციას შემოგთავაზებთ!

ქართულ კინოკოსტიუმს მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ჩვენს დიდ გამოცემაში: “ქსოვილი საქართველოდან”, გამოვიდა ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა აღწერილობის შვიდი ტომი, სადაც დაიბეჭდა არაერთი კინოარქივი, გამოიცა კინოს ამსახველი ფოტოკოლექციების აღწერილობებიც, ასე რომ ჯობია ყველამ თავის საქმე აკეთოს!

ჰო, ქართული კინოს 100 წლის იუბილეს გილოცავთ და მალე ამ დიდებულ თარიღთან დაკავშირებულ გამოფენასაც შემოგთავაზებთ!”