10 მარტი, 2018

ლექსი, რომელსაც სკოლაში აუცილებლად უნდა ასწავლიდნენ

ლექსი, რომელსაც სკოლაში აუცილებლად უნდა ასწავლიდნენდაგვეთანხმებით, რომ ყველა ქვეყანას სჭირდება პატრიოტული სულისკვეთება, რადგან ეს ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

– ლექსი, რომელსაც სკოლაში აუცილებლად უნდა ასწავლიდნენ – ასე მიაჩნია ისტორიკოსს, ხელოვნების სასახლის დირექტორს გიორგი კალანდიას და მუზეუმის არქივიდან არაჩვეულებრივ ლექსს აქვეყნებს:

“კი არ მგონია, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ლექსებს საქართველოს სკოლებში ბავშვებს უნდა ასწავლიდნენ! აუცილებელიცაა, ყველა ქვეყანას სჭირდება პატრიოტული სულისკვეთება!

მაშ ასე, 1918 წელს დაწერილი უმაგრესი ლექსი ხელოვნების სასახლის არქივიდან!”

”თავისუფალ საქართველოს”

ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ქართველთ აკვანო მხარეო
კმა გეყო მრავალ წამებულს, რაც დღემდე ცრემლი ღვარეო,
კვლავ გაგინათლდა წყვდიადი, შეგემკო არე-მარეო,
აგიყვავილდა წიაღი, მოწალკოტ-მობაღნარეო.

გეღირსა, რასაც ნატრობდი იდუმალ გულ-მდუღარეო,
შენს სახლში გერად აღარ ხარ სხვის ნებად მომთაბარეო;
თავის თავადა შეიქენ, დასტკბი და გაიხარეო!
აბა შენ იცი, სულისდგმავ, ღვთაებას სწორო მხარეო;

ვით შეიფერებ ამ მადლსა, როგორც შინ ისე გარეო
ნატვრის თვალს მოვლა სჭირია, თან დაცვაც ერთობ ცხარეო.
აქ გინდა გმირთა გმირობა და გული მგრძნობიარეო,
გამჭრიახობა, გაჭვრეტა, ნამუსის სინარნარეო,

მსხვერპლი, მოწამის გვირგვინი, ბრწყინვალე მოელვარეო,
უმსხვერპლოდ მზე არ გიმზევებს, არცა გიმთვარებს მთვარეო
არ შეგვირდომებს ის დროშაც, რომელსაც შეეფარეო.
ამაღლდი, აბუმბერაზდი, აეგზენ ტურფა მხარეო!

გაერთდი, გაკაჟ-ფოლადდი, ეჭვები უკუ ჰყარეო,
ხელთა აიღე ფარ-ხმალი, გმირულ ღვაწლს დაეჩქარეო,
და შემიტკიცე ის მადლი, რომელსაც ეზიარეო.
კურთხეულიმცა იყავნი, თვალთა სინათლე მხარეო,
აგცდეს კვლავ ყოფნა ბაბილონს და მუნ ტყვეობა მწარეო!”

ლექსი, რომელსაც სკოლაში აუცილებლად უნდა ასწავლიდნენ