1 თებერვალი, 2018

ოპერის მომღერალი გიორგი თოდუა სკანდალში გაეხვია

გიორგი თოდუა რუსეთში მოღვაწე ცნობილი ოპერის მომღერალი გიორგი თოდუა სკანდალში გაეხვია.

მარინის თეატრის მომღერალმა აფხაზეთში, გალის კულტურის სახლში ქართული სათვისტომოსთვის გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. ხელოვანი თბილისში დაიბადა, მაგრამ გალში გაიზარდა, რის გამოც იქაურობა მისთვის განსაკუთრებულად ძვირფასია.

გიორგი თოდუამ ერთ-ერთ გამოცემას ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ აფხაზეთში ჩამოსვლამდე და კონცერტის გამართვამდე მან თავისი პირობები წამოაყენა:

“სანამ აქ ჩამოვიდოდი და კონცერტს გავმართავდი, ჩემი პირობები მქონდა – ეს იყო ჩემი ჩამოსვლა, ჩემი დაბრუნება სამშობლოში და არა აფხაზეთის სახელმწიფოში. არ ვიცნობ აფხაზეთის მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს და მათთან შეხვედრა და საუბარი არც მიცდია. გალში ჩამოსვლისას, მთხოვეს სოხუმშიც გამემართა კონცერტი, მაგრამ უარი განვაცხადე. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ სოხუმში კონცერტს მაშინ გავმართავ, როცა იქ ღირსეულად ჩასვლას შევძლებ. მსურს ჩემი საყვარელი ადგილები ისევე მოვინახულო, როგორც საქართველოს ნებისმიერი კუთხე.”

გიორგი თოდუას ამ განცხადებას გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია გამოეხმაურა. მან მომღერალს პროვოკატორი უწოდა და განაცხადა, რომ გიორგი თოდუასთვის აფხაზეთში დასაბრუნებელი გზა სამუდამოდ დაკეტილია.