Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

Madatart – შემდეგი გამოფენა ვოლსტრიტზე!

17 თებერვალი, 2018

მარიტა დამენიანიუ იორკში ქართველი კურატორის მიერ დაფუძნებული არტპრომოუშენ კომპანია Madatart უკვე მესამე წელია მანჰეტენზე გამოფენებს აწყობს და უცხოელ მხატვრებთან ერთად ქართველებსაც უნიკალურ შანსს აძლევს გამოიფინონ მანჰეტენის საუკეთესო გალერეებში.

მომდევნო გამოფენა 27 აპრილს, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის წინ გაიმართება. მსურველთა აპლიკაციების მიღება ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

უფრო დეტალურად ამ საკითხზე პროექტის კურატორს მარიტა დამენიას ვესაუბრეთ:

– საქართველოში ჩვენი კომპანიის შესახებ უკვე ბევრჯერ დაიწერა. ქართველი ხელოვანები კარგად გვიცნობენ, ასევე კარგად გვიცნობენ მანჰეტენის საუკეთესო გალერეები, ბევრი მათგანი მედეთარტის ოფიციალური პარტნიორია და სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, წლის განმავლობაში ხელოვანებს რამოდენიმე განსხვავებულ გალერეაში გამოფენის შანსი მივცეთ. ორი წლის განმავლობაში მანჰეტენზე 20 პროექტი განვახორციელეთ და 200-ზე მეტი ნამუშევარი გამოვფინეთ.

მარიტა დამენია

– რატომ არის საინტერესო, რომ ხელოვანი სხვადასხვა გალერეებში სისტემატურად იფინებოდეს?

– თანამედროვე ხელოვნების სამყარო მთლიანად პიარზე და მარკეტინგზეა აგებული. ამერიკელები, ევროპელებისგან განსხვავებით, „ყიდულობენ“ ბიოგრაფიას და არა ხელოვნების ნიმუშს, ანუ ფასს ხელოვანის ბიოგრაფია განსაზღვრავს. რა სახის პროექტებში მონაწილეობდნენ, რომელ გამოფენებში და ა.შ. ჩვენი კომპანია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხელოვანისთვის კარგი ბიოგრაფიის შექმნაში. ჩვენს გამოფენებში მონაწილეობა, მათთვის შემდგომში ბევრ დახურულ კარს გააღებს.

– მომდევნო გამოფენაზე რას გვეტყვით?

– მომდევნო გამოფენა გაიმართება ვოლსტრიტზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის წინ. გალერეის ვიტრინები გამოდის ბროდვეიზე და ამ ადგილს ტურისტების რა რაოდენობა სტუმრობს, ალბათ ადვილი წარმოსადგენია.

World Trade Gallery უკვე 30 წელია არსებობს და მას ოჯახის მეორე თაობა ხელმძღვანელობს.

მარიტა დამენია

გამოფენაზე ვეპატიჟებით მხატვრებს, მოქანდაკეებს, საინტერესო ინსტალაციების ავტორებს, ასევე დიზაინერებს და სამკაულის დიზაინერებს. ძალიან საინტერესო მრავალფეროვანი სივრიცე გვაძლევს საშუალებას, რომ მრავალფეროვანი ექსპოზიცია შევქმნათ.

მარიტა დამენია

– გამოფენაში მონაწილე ხელოვანების ჯგუფი უკვე შედგენილია?

– ჯგუფის შედგენა 20 მარტს დასრულდება. თუმცა ჩვენ პიარი უკვე დაწყებული გვაქვს და ვინც უფრო ადრე დარეგისტრირდება, მას უფრო მეტი შანსი აქვს, რომ ჩვენგან სრულყოფილი პრომოუშენი მიიღოს. ამ ეტაპზე უკვე გადაწყვეტილია, რომ ქართველი ხელოვანებიდან გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ცირა ახობაძე, თიკო ბახტაძე, ნინო ქურდაძე, მაკა ბერაძე, ანი ჯანუკაშვილი, დანარჩენებიც ნელ-ნელა შემოგვიერთდებიან.

– მსურველები როგორ უნდა დაგიკავშირდნენ?

– გამოფენაში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გამოგვიგზავნონ ბიოგრაფია და სამი ნამუშევრის ფოტოსურათი.

ჩვენი მისამართია dameniaart@gmail.com ან marita@madatart.com
ასევე შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ სოციალური ქსელის საშუალებით
https://www.facebook.com/Madatart-864438133679029/