22 თებერვალი, 2018

რას ვებრძვი შექსპირს? – ნიკო გომელაური

რას ვებრძვი შექსპირს? - ნიკო გომელაური“რას ვებრძვი შექსპირს? რა ტყუილად ვირჯები:
თუ აღარ გიყვარვარ, თუ აღარ გჭირდები.

რომელი ჩეხოვი? – რაღაცას განვიცდი,
შენ კი სულ სხვაგან ხარ და შენ მე არ მიცდი.

ხვალ ტარტიუფს ვთამაშობ, დღეს კი ვარ ჰამლეტი,
მაგრამ უშენობით, ვგრძნობ, როგორ დავბერდი.

ვიქნები ფიგარო, იქნებ დონ ჟუანი,
შენთან კი ნამდვილად არა ვარ მტყუანი.

უშენოდ რად მინდა სარტრი, ან იბსენი?
ვისთან გაიქეცი – ერთი ამიხსენი.

გუშინ დამესიზმრა: მე მავრს ვთამაშობდი,
შენ კი დეზდემონას… და თითქოს გახრჩობდი.

ოფლში გამეღვიძა, შიშით ვიმოსები…
რას არ იგონებენ ეს გენიოსები.”