5 თებერვალი, 2018

ზაალ სამადაშვილი – 14 წლის ბიჭის საოცარი ისტორია

ზაალ სამადაშვილიმწერალი ზაალ სამადაშვილი ნოველებს იმ თემებზე წერს, რომელიც მისთვის ყველაზე აქტუალურია.

“დელ პიეროს მაისური” – ასე ეწოდება ერთ-ერთ ნოველას, რომელიც 14 წლის ბიჭის საოცარ ისტორიას გვიყვება:

“არა რა, ზამთარში ღამის ცვლაში ჯობია მუშაობა. არ გძინავს, მაგრამ გარეთ იშვიათად გიწევს გასვლა. ღამე ნავთის საყიდლად არავინ მოდის, მანქანები მოგადგებიან მარტო. ჩაყოფ პისტოლეტის ლულას ავზში, დააჭერ წითელ ღილაკს თითს და ნახევარ წუთში თავისუფალი ხარ. არც ძაბრით წვალება გინდა და არც წამდაუწუმ ტოლჩის ჩაპირქვავება ნავთიან კასრში. შეხვალ მერე “ტურბოთი” გაღუღუნებულ ოთახში, წამოგორდები დერმატინგადაკრულ ტახტზე და მიუბრუნდები აკა მორჩილაძის წიგნს. ნაღდი მწერალია, ისე გემრიელად ჰყვება ამბავს, ტყუილიც რომ იყოს – დაიჯერებ. ყველაზე მეტად “მოგზაურობა ყარაბაღში” მომწონს მაგისი. ზუსტად არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ ცოტა რამ გამეგება ომზე. გამეგება მამაჩემის გამო, ის ომობდა. პირველი დესანტი რომ გადმოსხეს ლესელიძეში, იქიდან მოყოლებული – სოხუმის დაცემამდე. რვა წლის ვიყავი რომ დაბრუნდა. ძმაკაცები რომ მოუვიდოდნენ, ისინიც მასავით ნაომრები, სულ აფხაზეთის ამბებს იხსენებდნენ. მივუცუცქდებოდი ახლოს და ყურებდადიდებული ვუსმენდი. მამახსოვრდებოდა სიტყვები: “აკაესი”, “ბეერდეემი”, “ლიფჩიკი”, “პოზიცია”, “სტეჩკინი”… როგორც წესი, სვამდნენ არაყს, უგონოდ თვრებოდნენ და მერე ზოგიერთი მათგანი ტიროდა ხოლმე. ერთი-ორჯერ მამაჩემმაც იტირა.

თერთმეტისა ვხდებოდი, ისევ რომ წავიდა სახლიდან. ყოფილ მეომრებს დევნა და დატუსაღება დაუწყეს და მანაც გაქცევა არჩია ციხეში ჯდომას. სწორადაც მოიქცა. ერთი წელი მე და დედჩემმა არაფერი ვიცოდით სად იყო და რას შვრებოდა. ერთი წლის თავზე ვიღაც კაცი დაგვადგა და კონვერტი მოგვიტანა. კონვერტში წერილი და ფული იდო. წერილიდან გავიგეთ, რომ ბალტიისპირეთში იმყოფებოდა, ოღონდ რომელ ქალაქში, არ გვატყობინებდა. კარგად ვარო, ცნობილი ბანკირის დაცვაში ვმუშაობ და ჩემზე ნუ იდარდებთო. იმის მერე, ყოველ სამ თვეში ერთხელ, სხვადასხვა კაცი მოდიოდა წერილი და ფული მოჰქონდა სულ ერთნაირი, მოგრძო კონვერტებით. ასე გრძელდებოდა შარშანწინდლამდე. ბოლოს შარშანწინ, დეკემბრის პირველ რიცხვებში მოვიდა მისი გამოგზავნილი კაცი. მას შემდეგ აღარავინ გამოჩენილა. აგვისტომდე გავუძელი დედაჩემის ცრემლებს და ვალების ასღებად კარდაკარ სირბილს, აგვისტოში ავდექი და მუშაობა დავიწყე აქ, ამ ბენზინგასამართ სადგურზე. ფულს ვშოულობ, თვეში ას დოლარზე ცოტა მეტს. ას დოლარს დედას ვაძლევ, “ცოტა მეტს” ვინახავ…

ვინახავდი… “იუვენტუსის” მაისურის ყიდვა მინდოდა. სკოლის ჩემპიონატზე ვაპირებდი გასვლას. დარწმუნებული ვიყავი, მისი წყალობით გოლებსაც გავიტანდი და ახტომისას, შემართულ ხელსაც ისე გავაშხუილებდი ჰაერში, როგორც დელ პიერო…

***

შობის წინა დღეა – ექვსი იანვარი. ბენზინგასამართი სადგურის შემინული ჯიხურიდან თოთხმეტი წლის ბიჭი გამოდის, ტყავის ქურთუკი აცვია, ვიღაცის ნაქონი, ოდნავ განიერი და ოდნავ გრძელი. ყელზე რუხი შარფი აქვს გამონასკვული. ჯიხურში დარჩენილი ორი კაცი თვალს აყოლებს ჭუჭყიანი ყინულით დაფარულ აღმართზე მიმავალ ბიჭს. ერთი მეორეს ეუბნება, – რა ტიპია, ტო… მეორე პასუხობს, – მიწას არ ასცილებია და უკვე მაგრობს…

აღმართის მერე ჭყაპია, ტროტუარზე ერთი წერტილიც არ არის მშრალი. ბიჭს წყალი შესდის ფეხებში, ჯერ ერთი წინდის სისველეს გრძნობს, მერე მეორის. მუშტაიდთან გზაჯვარედინზრ ჩერდება. ყოყმანობს, სტადიონს აჰყვეს, თუ მოპირდაპირე მხარეს გადავიდეს. გადადის. ქუჩის ამ მხარეზე სპორტული მაღაზიებია ჩამწკრივებული. ისე დინჯად მიაბიჯებს, თითქოს “ბათინკებში” აჭყაპუნებული წყლის გამო სიცივეს ერთიანად არ ჰყავდეს ატანილი. ჯიბეებში ჩაწყობილ ხელებს რაც შეუძლია ღონივრად მუშტავს.

COMPET-თან ჩერდება. ვიტრინაში ყველა ცნობილი საფეხბურთო კლუბის მაისურია გამოფენილი. ერთს უყურებს მხოლოდ, თეთრს, შავზოლიანს, ათი ნომერი რომ აწერია ზურგზე… მერე სტადიონიდკენ ჭრის ქუჩას და წერეთლის გამზირს მიუყვება. გამზირის დასაწყისში საგიჟეთია. უზარმაზარ, პირთამდე სავსე ნაჭრის ჩანთებს ხვნეშით, ყვირილით, უხმოდ, ორივე ხელებით, ურიკებით მიეზიდებიან ბაზრობაზე იქ მომუშაცე კაცები და ქალები. ასიგნალებენ და იგინებიან მიკროავტობუსების, ჩვეულებრივი ავტობუსების და ტროლეიბუსების მძღოლები. მეტროს სადგურთან სიწყნარეა. სიწყნარეა ფოსტაშიც, სადაც პენსიის ამაოდ მომლოდინე რამდენიმე ბებო ზის. ბიჭი საწერ ქაღალდს და თეთრ, მოგრძო კონვერტს ყიდულობს. ჯდება დაბალ მაგიდასთან და ჯიბიდან კალამს იღებს. იწყებს წერას. წერს ნელა, გულმოდგინედ გამოჰყავს ასოები, თითქოს ხატავს თითოეულ მათგანს. რომ მორჩება, დგება და თვალებმოჭუტული დასცქერის ნაწერს. თავს აკანტურებს კმაყოფილების ნიშნად. ფურცელს ოთხად კეცავს, კონვერტში ათავსებს და ფრთხილად იდებს გულისჯიბეში. პანთეონის მიმართულებით განაგრძობს გზას. ეკლესიას რომ ჩაუვლის, პირჯვარს იწერს სამჯერ. შედის სტალინისდროინდელ თაღიან სახლის ეზოში. იქ უკვე ელოდებიან. ძველი, მაგრამ კარგად მოვლილი OPEL – იდან ახალგაზრდა კაცი გადმოდის. ბიჭი ხელს ართმევს და ბოდიშს იხდის დაგვიანებისთვის. კაცი უღიმის, ეგ არაფერიო და ეკითხება, მოიტანეო? ბიჭი ჯერ კონვერტს უწვდის, მერე შარვლის ჯიბიდან ფულს იღებს, რამდენიმე მწვანე კუპიურას და ესეც მანდ ჩადეო, ეუბნება. სამ საათზე, არა? – კვლავ ეკითხება კაცი. ჰო, სამზე, პასუხობს ბიჭი და თვალს უკრავს, აბა, შენ იციო… ეზოდან გამოდის და ტაქსს უწყებს ლოდინს. არც ისე შორია დიდუბიდან ოქროსუბნამდე, მაგრამ მთელი ღამის უძინარია და თანაც ფეხები აქვს სველი…

***

ზუსტად სამ საათზე მივა ბიჭთან და დედამისთან OPEL – იანი კაცი. კითხვა-კითხვით მიაგნებს მათ ბინას გადაბრეცილშუშაბანდებიან იტალიურ ეზოში და კარზე დააკაკუნებს. შევა, კონვერტს მაგიდაზე დადებს, აჩქარდება, მელოდებიანო და გაბრუნდება. დედას ტირილი აუვარდება. ცრემლებს რომ მოიწმენდს, როდის-როდის ხელების კანკალით გახსნის კონვერტს და წერილს ამოიღებს. აქამდე დაძაბული ბიჭი კიდევ უფრო დაიძაბება…

და როცა დედის თვალებში სიხარულს ამოიკითხავს, ისეთივე გრძნობა დაეუფლება, როგორიც DELLE ALPI -ზე პირველად გასულ ალესანდრო დელ პიეროს, რომელსაც ყურებში ტრიბუნების გუგუნი ჩაესმის: FORZA IUVE!!!”