28 თებერვალი, 2018

გაზაფხული – საუკეთესო ლექსები

ლექსები გაზაფხულზევაჟა ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, მურმან ლებანიძე, ანა კალანდაძე, აკაკი წერეთელი, პეტრე გრუზინსკი, ილია ჭავჭავაძე, ტერენტი გრანელი, ნიკო გომელაური – ამ პოეტებმა უმშვენიერესი გაზაფხული საუკეთესო ლექსებით შეამკეს, რომლებსაც “არტინფო” გთავაზობთ:

გალაკტიონ ტაბიძე – ადრიანი გაზაფხული

“როგორც შეთქმულებს, ჩვენ არ გვაშინებს,
რომ არ ეტყობათ რტოებს რტოობა.
სულს დიდი ხნიდან აშალაშინებს
სხვა მარტოობა.
გაზაფხულია მაინც ასეთი,
კეთილი, როგორც კარგი ხარება,
ახალგაზრდობით მოკისკასეთი
ახარხარება.
მალე გადნება ყინული ლოდის,
მტკვარი ღრიალებს ტივების ტევით.
ამოდის მთვარე… ჰეი, ვინ მოდის.
ხელების ზევით!”

ანა კალანდაძე – წელს, ამ გაზაფხულზე…

“წელს ამ გაზაფხულზე მინდორთა მშვენიერ
ფერებით მმოსავი,
ო, არსად გაშლილა უჩვენოდ არცერთი
ია და შროშანი…
თითქოს ჩვენ გვმონებენ იმათი პაწია,
პაწაწა ძალები
და არა ზესკნელთა და არა ქვესკნელთა
უხილავ მბრძანებელს…
წელს, ამ გაზაფხულზე მინდორთა მშვენიერ
ფერებით მმოსავი,
ო, არსად გაშლილა უჩვენოდ არცერთი
ია და შროშანი…”

მურმან ლებანიძე – გაზაფხული შემოსულა, ლენ

“გაზაფხული შემოსულა, ლენ.
ბუდეები გაუწყვიათ ჩიტებს
მე გიყიდი წითელ-ყვითელ ჩითებს,
თეთრი ტილო მომიქარგე შენ!
გაზაფხული შემოსულა, ლენ!

მოგანატრე სათიბი და ტყე,
სუნი ქუსლით გასრესილი ანწლის,
შორს გუმბათი ბეთანიის ტაძრის
და ცისფერი უბორკილო დღე
მოგანატრე სათიბი და ტყე!

აწი აღარ გაგაჩერებ შინ,
აწი ოჯახს ვერ დაარქმევ დილეგს,
მკვირცხლი ბიჭი შეუყენე ბილიკს
მწევარივით გამიხტუნე წინ!
აწი აღარ გაგაჩერებ შინ!

გაზაფხული შემოსულა, ლენ.
რია-რია გაუმართავთ ჩიტებს
მე გიყიდი ყვავილიან ჩითებს,
თეთრი ტილო მომიქარგე შენ!
გაზაფხული შემოსულა, ლენ!”

აკაკი წერეთელი – გაზაფხული

“დღეს მერცხალი შემოფრინდა,
ჭიკჭიკითა გადმომძახა:
„გაზაფხული! გაზაფხული!“
გულს იმედი დამესახა.

მივდექ სარკმელს, გადვიხედე,
არემარე მესხვაფერა!
სასოებამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამიძგერა!

სუნი მეცა გაზაფხულის,
უცნაური ვიგრძენ ძალი…
ვსთქვი თუ: „გულსა რაღად ვიტეხ?
ახლოს არის მომავალი!

„მოვესწრები, რაც მინდოდა
ზამთრისაგან დაჩაგრულსა:
ვნახამ ქორწილს ბუნებისას,
გავიგონებ მის მაყრულსა.

„დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,
ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას
და ბულბულიც გამაგონებს
მისებურად: „ტია, ტიას!“

ილია ჭავჭავაძე – გაზაფხული

“ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი
მეტის ლხენითა სტირის.
აყვავებულა მდელო,
აყვავებულან მთები;
მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?”

ტერენტი გრანელი – გაზაფხული

”დღეს სხვანაირი მზის ამინდია
და მხვდება სახე ბევრჯერ ნახული.
და ახლა ისევ ერთად მიდიან
უზრუნველობა და გაზაფხული.

დიდი ხანია, არ ვიცი სად ხარ,
და ზეცა უფრო ახლოა გულთან.
ზამთარი ნელა წავიდა სადღაც,
უკვე სითბოა და გაზაფხულდა.”

იოსებ გრიშაშვილი – გაზაფხული

აგერ ნუში, ჩვენს ბაღჩაში
რომ დგას ასე ობლად, კენტად,
გაზაფხულმა გააცოცხლა,
ყვავილებით გადაპენტა.

იამ გული გადუშალა,
მზის სხივებს და ჭრელ პეპელას,
ჩვენ კი მიწა სამუშაოდ
მოგვიწოდებს ყველას, ყველას!

ჰა, მერცხლებიც დაგვიბრუნდნენ,
გაახარეს ხალხის გული!
რა კარგია ყინვის შემდეგ
თვალჟუჟუნა გაზაფხული!

ვაჟა-ფშაველა – გაზაფხული

“ბუნებამ გამოიღვიძა,
ადგა, გაცოცხლდა მკვდარია…
ძლივს საამური დამეცა
ცივი ციური ცვარია.
თოვლი დამდნარა მთაზედა,
ხევებზე მოჰყეფს ღვარია;
აქით არაგვი აყვირდა,
იქით ბანს აძლევს მტკვარია;
არ მოეწყინა ამათა
ჯავრობა შესაზარია.
რამდენი ხანი გავიდა,
რაც დედამიწა არია,
მას აქეთ დაუღალავად
მიწასა სთელვენ ძმანია;
იმათ წყალს დაუბანია
თამარის ტურფან თვალნია;
შვილთ ტრფობით გაუმაძღრები
გადმოსცქერიან მთანია.
ძმანი შესტრფიან დედებსა,
დედები – ლომ-გულ შვილებსა,
საკინძზე ალმასისასა
დაუკერებენ ღილებსა.
უმისოდ საყვარელ ძმათა
ამ დროს ზნე უვლისთ ავისა,
არ იზმენ, თუ ერთმანეთსა
არ გაუსინჯეს მკლავია.
ერთურთს ფრანგულებს უქნევენ,
თან იგერებენ ფარითა,
მემრე ჰკოცნიან ერთმანეთს,
მიდიან ერთის თავითა.
იმ ალაზანსაც შაესმის
ძმათ ბრძოლა მცხეთის კარითა,
ისიც წინ მოეგებება
წვერ-ბასრის შუბის ტარითა.
ამძიმებს იმათ სიფიცხეს
თავის ტალღების ღვარითა.
მთას იქით მოსთქვამს რიონი
გაშიშვლებულის ხმალითა…
რა ძლიერ მოსწყურებია
თქვენი დანახვა თვალითა!..
იკურთხოს თქვენი ერთობა,
სამის სამების ძალითა!”

პეტრე გრუზინსკი – გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში

”გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში,
იღიმება ლურჯთვალება ია .
სითბო ისე შემოიჭრა გულში,
თითქოს გულის კარი დამრჩა ღია.

ვარდობისთვეს როგორ გავძლო მარტო,
ყვავილების ფიფქი ცვივა ციდან.
ყვავილების სურნელება მათრობს
და ბავშვივით მოფერება მინდა.

ჩქარა, თორემ იასამნის სურნელს
დრო გაატანს გაზაფხულის ნიავს,
სიჭაბუკე სიზმარივით წავა
და იქნება ყველაფერი გვიან.

გავლენ წლები დაზამთრდება სულში,
წავა რასაც სიჭაბუკე ქვია,
და რაც ასე ახლო იყო გუშინ,
ხვალ იქნება უსასრულოდ გვიან..

მოდი, სანამ სხვა შენს ნაცვლად მოვა,
გამიქარვებს სევდასა და ნაღველს.”

 

ნიკო გომელაური – იწყებოდა მარტი

“იწყებოდა მარტი,
წვიმა, მზეს პირს ჰბანდა
თებერვალი-სხარტი,
დაბნეული სჩანდა.
გაზაფხული-ნაზი,
იმორჩილებს ურჩებს…
და უაზრო ბრაზი
მოიშორონ, ურჩევს.
უნებლიეთ, ამ დროს
სული ვნებას ეძებს,
სულს დღეს მარტი ათრობს,
სული მარტო ვერ სძლებს…
ლექსად ვწერდი პორტრეტს,
წვიმა მზეს რომ ჰბანდა.
მესეოდა პოეტს
ცრუ ვნებების ბანდა.

***

გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას,
თავს იწონებს ნაზი ია;
ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც
ეშხით გული გაუღია.
ხავერდივით მწვანე ბალახს
აბიბინებს სიო ნაზად,
თითქოს უნდა დაეფინოს
იმ ყვავილებს ფიანდაზად.
მაღალ მთიდან წმინდა წყარო
მოცქრიალებს ჩუხჩუხითა,
თითქოს ნანას ეუბნება
ძუძუმწოვრებს ტკბილი ხმითა.
ხის ტოტებზედ ჩიტუნები
ფრთხიალობენ, სრიალობენ;
იშენებენ მაღლა ბუდეს,
დაჰხარიან და გალობენ.
და მხლობლად იქვე თავი
მოუყრიათ ყმაწვილებსა,
იმღერიან და თან ჰკრეფენ
სხვადასხვაფერს ყვავილებსა.”