23 თებერვალი, 2018

ახმეტელის ტრანსფორმაციული თეატრი

ირაკლი გოგია2014 წლის ივნისიდან ახმეტელის თეატრი Project CREATE-თან ერთად ტრანსფორმაციული თეატრის ლაბორატორია გახდა. არაერთი დადგმა, რომელიც მიმართულია ძალადობის პრევენციისაკენ და ძალადობრივი საზოგადოების არაძალადობრივის ტრანსფორმაციისაკენ, ამ თეატრში განხორციელდა და ამან ძალიან დიდი შედეგი გამოიღო.

დღეს, ტრანსფორმაციული თეატრის ერთ-ერთი მამა მთელ მსოფლიოში, ბრუს ლევიტი წერს რეჟისორ ირაკლი გოგიას: ”ეს არის საოცრება, ირაკლი. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო თავიდან ფეხზეა დაყენებული!” – ეს არის ის, რაც სჭირდება საზოგადოებას არა მარტო სირიაში, ერაყში, უნგრეთში, ლონდონის ცენტრში, არამედ ფლორიდის სკოლაშიც, სადაც მანიაკმა მკვლელმა 17 უდანაშაულო ბავშვის სიცოცოხლე წაიღო. ეს არის მიდგომა, რომელსაც მშვიდობა მოაქვს და ეს განახორციელა ახმეტელის თეატრმა ბოლო 4 წლის განმავლობაში.

C.R.E.A.T.E. ინგლისურად ასე იშიფრება: Conflict Resolution through Expressive Artistic Transformation & Education ანუ ”კონფლიქტის მოგვარება ექსპრესიული არტისტული ტრანსფორმაციისა და განათლების საშუალებით|”. ეს არის ბრუს ლევიტის და ანტონინ მარტოს ახალი ტრანსფორმაციული მეთოდის არსი. ამ მეთოდს ახმეტელის თეატრში ირაკლი გოგია თავის კოლეგებთან ერთად ძალიან წარმატებით ახორციელებს. ამ მეთოდის ასეთმა წარმატებულმა გამოყენებამ მოიტანა ის ფაქტი, რომ ქართულ-აფხაზური დიალოგი ახალ ფაზაში შევიდა.

როგორ შეიძლება ხელოვნების ნაწარმოები უფრო პრაქტიკულად იქნას გამოყენებული ზოგადად საკაცობრიო პროგრესისათვის? – ეს კითხვა ყოველთვის აწუხებდა ხელოვნების ბევრ თეორეტიკოსს თუ პრაქტიკოსს.

ახმეტელის თეატრი

შემოქმედება, ამ სიტყვის ფართო გაგებით არის ერთი შეხედვით გამოუვალი სიტუაციიდან ახალი გამოსავლის შექმნა. ისევე, როგორც საცხოვრებელი სახლის გამოგონებამ გადაჭრა ადამიანების კლიმატური გავლენებისგან დაცვის უკეთესი მექანიზმი, ასევე სამედიცინო პრეპარატების გამოგონებამ გადაჭრა ბევრი ავადმყოფობის პრობლემა. ყველა ის მეცნიერი, თუ უბრალოდ პროფესიონალი, არის შემოქმედი. შემოქმედება არ განისაზღვრება მარტო ხელოვნებით და, მით უმეტეს, ეგრეთწოდებული შოუ ბიზნესით.

სწორედ ეს გამოსავლის ძიებაა დადებული ახალი მიდგომის საფუძვლად Project CREATE-ში, სადაც ერთი შეხედვით გამოუვალი კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს ყველა ერთად, როგორც მსახიობები, ასევე მაყურებელი ”სპექტ-აქტორები”. ამ ტიპის მიდგომა აქცია ირაკლი გოგიამ და მისმა კოლეგებმა აქციეს ამ ძალიან წარმატებული პროექტის ქვაკუთხედად. ამან გამოიწვია არა მარტო ქართულ-აფხაზური, არამედ სომხურ-აზერბაიჯანული დიალოგის ახალ სიმაღლეებზე ასვლა. ამ დიალოგმა უკვე მოიცვა საზოგადოების მრავალი ნაწილი – მათ შორის, სხვადასხვა არხის დიპლომატია და ეს არის უპირობოდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ექსპირიენსი, რომელიც შეხვდა ქართულ ხელოვნებას უკანასკნელი 30 წლის მანძილზე.

ახმეტელის თეატრი

კონფლიქტის და დაპირისპირების ძირითად მიზეზად სოციალურ მეცნიერებებში მოჰყავთ გარკვეული მატერიალური თუ ონტოლოგიური ღირებულების უკმარისობა, ან ამ უკმარისობის შეგრძნება-შიში.  ხშირად დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნამდვილად არსებობს უკმარისობის შიში – მაგალითად, რესურსების უკმარისობა განაპირობებს დაპირისპირებებს როგორც ოჯახში, ასევე თემში, ისევე როგორც ერ-სახელმწიფოებს შორის. დროის უკმარისობა განაპირობებს ეჭვიანობას და ამ ტიპის დაპირისპირებას ცოლ-ქმრულ, ნათესაურ ან მეგობრულ ურთიერთობებშიც. ძალაუფლების უკმარისობის შიში პოლიტიკური ბრძოლის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. რამდენად არის ძალაუფლება ადამიანის ონტოლოგიური მოთხოვნილება, ამაზე მსჯელობა დღესაც მიდის და, ცხადია, კონსენსუალური შეთანხმება ჯერ არ არსებობს.  პოლიტიკური რეალიზმის მომხრეები ძალაუფლებისკენ სწრაფვას ადამიანის ერთ-ერთ მთავარ ნიშანთვისებად აღიქვამენ, იდეალისტები ამას უფრო პატივისცემისა და ღირსების მოთხოვნილებად აფასებენ.

კონფლიქტის და დაპირისპირების მოგვარების ყველაზე კარგი საშუალება არის შემოქმედებითი მიდგომის ჩართვა – ”სტუმარ-მასპინძლის” ენაზე ლაპარაკი.

ირაკლი გოგია

ირაკლი გოგიას დადგმა, ”სტუმარ-მასპინძელი” არის ახლებური მიდგომა ამ კლასიკური ნაწარმოების გააზრებისათვის. ნუთუ არის იმის შანსი, რომ თავიდან ავიცილოთ ძალადობა? და თუ არის, რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ?

დღეს, სოციალური ქსელების და სწრაფი კომუნიკაციების დროში საზოგადოების ახალი იმპერატივია, რომ გაერთიანდეს ძალადობის წინააღმდეგ. გაერთიანდეს არა მარტო ფლორიდაში ან დაღესტანში, არამედ ყველგან, სადაც არის კულტურული და სტრუქტურული ძალადობაც – რომელიც შემდგომში იწვევს პირდაპირ ძალადობას.

ირაკლი გოგიას მიერ ხელახლა გაცოცხლებული ვაჟას ”სტუმარ-მასპინძელი”, რომელიც Project CREATE-ის ინტეგრალური ნაწილია, სწორედ ამ კითხვებზე პასუხის მოძებნას ცდილობს.