Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რას ითხოვს ინტელიგენცია?

28 თებერვალი, 2018

ხელოვანების ღია წერილი საელჩოებსქართული ინტელიგენცია – მწერლები, მხატვრები, რეჟისორები, მსახიობები – ქეთი დოლიძე, გოგი ხარაბაძე, გოგი ქავთარაძე, რობერტ სტურუა, თემო გოცაძე, რეზო ამაშუკელი, თამაზ წივწივაძე – ღია წერილს ავრცელებენ და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ:

“ბატონებო და ქალბატონებო, გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ საქართველო უძველესი ცივილიზაციის ქვეყანაა. პირველი ქართული სახელმწიფო, კოლხეთის სამეფო 3.500 წელზე მეტი ხნის წინ შეიქმნა და მას შემდეგ ქართველები, მსოფლიოს სხვა, ძველ და შედარებით ახალგაზრდა ერებთან ერთად ქმნიან მსოფლიო ცივილიზაციას, მეცნიერებასა და კულტურას, თავგანწირვით იბრძვიან ენის, მამულის და სარწმუნოების გადასარჩენად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად.

ამ ხანგრძლივი ბრძოლის გზაზე გვქონია დანაკარგები და დაკარგულიც დაგვიბრუნებია, გვყოლია ურიცხვი მტერი და სამხედრო-პოლიტუკური მოკავშირეებიც, რომლებისთვისაც ჩვენ, ქართველებს, არასდროს გვიღალატნია.

ოთხმოციანი წლების მიწურულს, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველო ყველაზე მძლავრი ეკონომიკის მქონე რესპუბლიკას წარმოადგენდა, მისი ხალხი მდიდარი იყო და მოსახლეობის რაოდენობა 5,5 მილიონს შეადგენდა.

“პროდასავლურმა პოლიტიკამ” და ქართველების სწრაფვამ “ნატოს” სამხედრო ალიანსისკენ გაართულა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან და სწორედ ამან განაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, შექმნა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და შეაფერხა ქვეყნის განვითარება, ხალხი გაღატაკდა და მოსახლეობის რაოდენობა 4 მილიონზე დაბლა ჩამოვიდა.

მიუხედავად ამისა, ქართველებს არც ერთხელ არ უღალატნია “ნატოს” წევრი სახელმწიფოების სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისთვის, რასაც ვერ ვიტყვით თავად სამხედრო ალიანსზე.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, მოსახლეობის უდიდეს ნაწილში არის დიდი იმედგაცრუება.

თუმცა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა აშშ-ს საელჩოს და მათ მიერ წარმოდგენილი ექსპერტის, ბატონი ლუკ ქოფის შემოთავაზებამ, საქართველოს გაწევრიანებაზე “ნატოში”, ალიანსის წესდების მე-5 და მე-6 მუხლების, ანუ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.

საქართველომ, ცალმხრივად, ბოლო 30 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი მსხვერპლი გაიღო “ნატოსთან” პარტნიორობის გამო, მიგვაჩნია რომ მოკავშირეობა ორმხრივი უნდა იყოს, ამიტომ შემოთავაზება უკიდურესად არაკორექტულია და არ შეეფერება მოკავშირეებს შორის ურთიერთობებს.
უფრო მეტიც, გაიზრდება რისკები და სამხედრო კონფლიქტის საფრთხე დაემუქრება ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიებსაც, ხოლო ასეთ შემთხვევაში როგორ დახმარებას შეიძლება ველოდოთ, ჩვენ უკვე გვაქვს 2008 წლის გამოცდილება.

“ნატო” სამხედრო ალიანსია, მისი წევრობა, პირველ რიგში, სწორედ უსაფრთხოების გარანტიების ილუზიის გამო იზიდავდა საქართველოს მოსახლეობას და თუ ეს გარანტიები არ გავრცელდება აფხაზეთსა და ცხინვალზე მაშინ საინტერესოა რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ გაწევრიანებამ ხალხს და სახელმწიფოს.”

პატივისცემით:
რობიკო სტურუა – რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
რეზო ამაშუკელი
ქეთი დოლიძე
ელიზბარ ჯაველიძე
თამაზ წივწივაძე – მწერალი
გოგი ქავთარაძე – საქართველოს სახალხო არტისტი
გოგი ხარაბაძე
გიორგი კვესიტაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი
ჯონდი ბაღათურია
თემო გოცაძე – სახალხო მხატვარი