Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მარია სტელლა – კონსტანტინე გამსახურდია

6 თებერვალი, 2018

კონსტანტინე გამსახურდიაკონსტანტინე გამსახურდია მკითხველისთვის მისი რომანებით უფროა ცნობილი, მაგრამ პოეზიის მოყვარულებში არანაკლები მოწონებით სარგებლობს შემოქმედის ლექსები.

”არტინფო” გთავაზობთ კონსტანტინე გამსახურდიას ლექსს ”მარია სტელლა”:

შემოღამდება, გაივსება დისკო მთვარისა,
დისკო მთვარისა მოვერცხლილი და მოქარგული
და გუმბათებზე აენთება ქრისტეს ჯვარისგან,
ქრისტეს ჯვარისგან მოფენილი სხივი ფარული.
როგორც ბინდისას მათხოვარი ბრმადმოარული,
სხივი ბარბაცით კანალებში გადაიჭრება,
გატყდება ბროლი მინანქარით შემობზარული,
აედევნება ბნელ ხეივნებს ლანდების წყება.
შადრევანებზე ეზმორებათ გრანიტის ლომებს,
გულში იღვიძებს სათნოება, ქუჩაში ბნელა,
ჩრდილის მანტია მოეხვევა წმიდა ბართლომეს
და მღერის ვიღაც პორტალებთან: „მარია სტელლა“.
მახვილამოწვდილ ანგელოსის გაჰქრება ლანდი,
როგორც დემონი გაფრენილი ბრინჯაოს რაშით,
ამურეტები აიყვანენ ბამბინოს ცაში,
ოქროს ფირმამენტს ჩაიხუტებს ტიბროსი ზანტი
და მთვარე, სხივთა არტახებში ნაზი ინფანტი,
აღმოსავლიდან გვირგვინოსან მოგვებს მოელის.
კაშკაშებს ჯვარი კაპიტოლზე არაკოელის,
ვით ბრილიანტი…
დაარისხებენ სან-პიეტროს მწუხარე ზარებს,
ნარინჯის ფონზე მოიჭრება ავგუსტის არკა
და ტრიუმფები მოუნდებათ ისევ ცეზარებს,
ნაზ სერენადებს კვლავ იმღერებს ღამით პეტრარკა.
დავეძებ ღვთიურ ჰარმონიას, ჰანგად დარხეულს,
დავეძებ ტაძარს ღვთაებისას და ვითხოვ შველას!
წავალ – ვემთხვევი მაცხოვარის წამებულ სხეულს
და მუხლმოდრეკით მეც ვიმღერებ: „მარია სტელლას“.