Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თამაზ ჭეიშვილი: “რა არის ბედნიერება?”

16 თებერვალი, 2018

თამაზ ჭეიშვილიადამიანებისთვის ბედნიერება სხვადასხვანაირია. ზოგისთვის ეს შეგრძნება სხვადასხვა ემოციასთან, ადამიანთან თუ განწყობასთან ასოცირდება.

მწერალი თამაზ ჭეიშვილი პატარა ჩანაწერს ავრცელებს, რომელიც უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის და მათი ოჯახებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული და აქტუალურია:

ბანალური ონლაინ შეკითხვა ,,ჩატში”:

“- აქ ხართ?
– დიახ!
– გილოცავთ ახალ წელს!
– გმადლობთ! მეც გილოცავთ! უფრო ბედნიერი ყოფილიყავით 2018 წელს!
– ბანალური შეკითხვა მაქვს, ხომ არ გაცდენთ?
– არა, რას ამბობთ! გისმენთ ყურადღებით!
– რა არის ბედნიერება? ვერავინ ამიხსნა!… იქნებ თქვენ მითხრათ? მე თქვენი მუდმივი მკითხველი ვარ.
– გმადლობთ რომ კითხულობთ ჩემს ნაწერებს!
– ძალიან მარტივია: ბედნიერი ხარ, როცა მოგილოცავს ახალ წელს მთელი ოჯახი… უცნობი ადამიანებიც მოგილოცავენ! შენ მათ არ იცნობ, მაგრამ ისინი გიცნობენ. საჭირო ხარ მათთვის, რაღაცას მატებ… თუნდაც აი ამ სტრიქონებით, მოთხრობებით, ნოველებით! კიდევ… ბედნიერი ხარ, აფთიაქს ჩაუვლი და არ შეხვალ, იმიტომ რომ ჯანმრთელი ხარ! მაღაზიას ჩაუვლი და არ შეხვალ, იმიტომ რომ ყველაფერი გაქვს! სახლში მიგეჩქარება, იმიტომ რომ გელიან!… რატომ არ მპასუხობთ?
– ვტირი… კლავიშებს ვეღარ ვხედავ…
– სტირით? საწყენი არაფერი მომიწერია.
– არა, რა თქმა უნდა! …ხშირად მჭირდება აფთიაქი, მაგრამ ვცდილობ არ შევიდე. არალეგალებს გვიჭირს წამლის ყიდვა ურეცეპტოდ… რამდენჯერ მომნდომებია მაღაზიაში შესვლას, მაგრამ ფული უნდა დავზოგო და ყოველთვის თავს ვიკავებ. სახლში ოცი წელია მელიან, მაგრამ ვერ მივდივარ! ჩემი სახლი ძალიან შორს არის, სხვა კონტინენტზეა! რომ წავიდე, უკან აღარ მიმიღებენ… რატომ არ მპასუხობთ?
– ეხლა მე ვეღარ ვხედავ კლავიშებს…”