24 თებერვალი, 2018

ირაკლი ჩარკვიანი სასწაულებრივი წინათგრძნობით

ირაკლი ჩარკვიანი ირაკლი ჩარკვიანი, რომელმაც მეფე დაირქვა და თავისი შემოქმედებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა თანამედროვე ხელოვნებაში, 44 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი მუსიკოსი მამამ, გელა ჩარკვიანმა აღმოაჩინა:

“ირაკლი კარგად არ იყო და ქეთათომ მითხრა, მე მივდივარ და იქნებ შემოიაროო. ოთახში რომ შევედი, გადახდილი იწვა და დავახურე. მერე სხვა ოთახში გავედი და 40 წუთი მაინც წიგნს ვკითხულობდი. კვლავ რომ შევედი, მივხვდი, რაღაც ხდებოდა. ხელი რომ დავადე, ცივი იყო. ალბათ ამ ტრავმიდან ვერასდროს გამოვალ…”

როგორც გელა ჩარკვიანი ამბობს, 44 წელი მამაკაცებისთვის კრიზისული ასაკია და მას საშუალო ასაკის კრიზისი ეწოდება.

ბოლო დღეებში ირაკლი ჩარკვიანი მოწყენილი იყო. მამის თქმით, სიცოცხლე აკლდა, თუმცა ბევრი სამომავლო გეგმა ჰქონდა და წიგნის ტრილოგიად ქცევა სურდა. საოცარია, მაგრამ მამა მოახლოებულ განსაცდელს გრძნობდა:

“ჩემს ახლო მეგობრებს ირაკლის გარდაცვალებამდე 3-4 დღით ადრე ვეუბნებოდი, ის კარგი ცხოვრება, რომელიც მე მქონდა, მგონი, მალე გათავდება და ჯვარცმის დრო დადგება-მეთქი… ირაკლიმ სიკვდილი გაგვიადვილა. სიკვდილი ჩვენთვის პრობლემა აღარ არის.”

გელა ჩარკვიანს სჯერა, რომ მისი შვილი კიდევ დიდხანს ეხსომებათ, რადგან ირაკლი ჩარკვიანმა ისეთი სიმღერები დაწერა, რომლებმაც დროს გაუსწრო.

წინათგრძნობა გელა ჩარკვიანის მსგავსად თავად ირაკლი ჩარკვიანსაც ჰქონდა. ის სიცოცხლის ბოლო დღეებში მეუღლეს, ქეთათოს სულ ეკითხებოდა უყვარდა თუ არა:

“ირაკლის სიკვდილი ვერ წარმომედგინა. მამამისმა დამირეკა და მითხრა რაც მოხდა. ისეთი შოკი მივიღე, თავიდან ვერც კი ვიჯერებდი, რომ ეს სიმართლე იყო. სახლში რომ მივედი, მაინც მეგონა, ცოცხალი იყო. ახლა რომ ვუსმენ, ყველა ჩვენი სიმღერა, რომელსაც ერთად ვასრულებდით, ამ დღის წინასწარმეტყველებაა… ერთხელ პირდაპირ მითხრა, შენ ქვრივობა მოგიხდებაო. მაშინ ამაზე ძალიან გავბრაზდი.”

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ირაკლი ჩარკვიანი გიო მგელაძეს შეხვდა. მას უკითხავს, როდის მოვიდე შენი წიგნის პრეზენტაციაზეო. ირაკლის უპასუხია 26, 27, 28 თებერვალსო. ეს რიცხვები მისი პანაშვიდის და დაკრძალვის დღეებია:

“ყველაფერი, რასაც ამბობდა და აკეთებდა, ამის წინასწარმეტყველება იყო. თუნდაც ერთი კლიპის სიუჟეტი, სადაც მიწას მათხრევინებს, ვეძახი, მაგრამ თვითონ არ ჩანს და დაბინდული სახით მევლინება. არ მომწონდა ასეთი სიუჟეტი, მაგრამ თვითონ გადაიღო ასე.”

წინასწარმეტყველური აღმოჩნდა ირაკლი ჩარკვიანის წიგნიც:

“სანამ წიგნი გამოიცემოდა, წამაკითხა. ბევრი რამ მენიშნა, მაგრამ ყველაფერს ვერ მივხვდი. დასაფლავებამდე, კიდევ გადავავლე თვალი და გავოგნდი. წერს, ბედნიერად ვიცხოვრებ სიბერემდე, რომელიც მხოლოდ 44 წლამდე გრძელდებაო. მართლაც მისი სიბერე 44 წლამდე გაგრძელდა…”

იმ საბედისწერო დღეს, სანამ დაიძინებდა, ირაკლის ქეთათოსთვის უთქვამს, მაგარი კომპოზიცია გავაკეთოთ და შენ ხომ ჩემთან ერთად იმღერებო?

– ხომ სულ ჩემთან იქნები, ხომ არ მიმატოვებ? – ეს იყო ირაკლი ჩარკვიანის ბოლო სიტყვები, რომლებიც გარდაცვალებამდე თქვა.

ეს კი ირაკლი ჩარკვიანის ლექსია, საოცარი დასასრულით:

”ქარვისფერ ყანათა ღელვა დარჩება,
მეწამული მზის წვა, მდუმარება…
ფრთამოტეხილი მერცხლის საშველად მე მარტო წავალ!
გაკურთხოთ ღმერთმა და დამივიწყეთ,
დაე, სხვა გემები მორეკოს წყალმა…
გემუდარებით იცინეთ, იცინეთ,
როცა მე წავალ.”