23 თებერვალი, 2018

ბესიკ ხარანაული: “ვინ არის ეს ბიჭი”

ბესიკ ხარანაული“ვინ არის ეს ბიჭი” – ასე ეწოდება პოეტისა და მწერლის ბესიკ ხარანაულის ახალ ლექსს. ლექსი საკმაოდ ორიგინალურია – სასვენი ნიშნების არარსებობის გამო, მისი გაგება ყველას თავისებურად შეუძლია. პოეტი მკითხველს ნამდვილად ბევრ რამეზე დააფიქრებს:

“სასურველია რომ იყოს გეოლოგი მაგრამ არ არის გეოლოგი
სასურველია რომ იყოს თბილისელი მაგრამ არ არის თბილისელი
სასურველია რომ იყოს ლამაზი მაგრამ არ არის ლამაზი

სასურველია შეგამჩნიოს და არ დაგინახოს

ვინ არის ეს ბიჭი რომ გაიარა და რომ არ მოიხედა რომ არ დაუძახე
ვინ არის ეს ბიჭი შავგვრემანი რომ არა და ქერა რომ არა
და რომ დაინახა
და რომელსაც სცემეს რომელიც მოკლეს რომელიც გადააგდეს

სასურველია რომ იყოს ცოცხალი მაგრამ არ არის ცოცხალი
სასურველია რომ იყოს გეოლოგი მაგრამ არ არის გეოლოგი
სასურველია რომ იყოს გამოსული მაგრამ არ არის გამოსული
სასურველია იყოს მაღალი მაგრამ არ არის მაღალი
სასურველია რომ იყოს დაბალი მაგრამ არ არის დაბალი
სასურველია იყოს მამალი მაგრამ არ არის მამალი
სასურველია იყოს დედალი მაგრამ არ არის დედალი
სასურველია რომ იყოს ცოცხალი მაგრამ არ არის ცოცხალი

ვინ არის ეს ბიჭი რომ გაიარა მაღალი რომ არა დაბალი რომ არა
ვინ არის ეს ბიჭი წეღან რომ იყო გამოსული რომ არა რომ არა ხიხო
ვინ არის ეს ბიჭი რომ არ მოიხედა რომ იმან გაასწრო ვინაც რომ მისდევდა
ვინ არის ეს ბიჭი ვიღაც არ ეძახის სასხლავი წაიღო დააგდო ვენახი
ვინ არის ეს ბიჭი რომელიც ბიჭია რომელიმე სახელი რომ არ აირჩია
რომელსაც ეჭვია რომ აღარ ერჩიან რომელიც მოკლეს რადგანაც არ იყო
წყალში გადააგდეს წყალმა არ წაიღო
დედა მოიყვანეს დედა არ იყო
მამა მოიყვანეს მამა არ იყო
წაიღეს სოფელში სოფლისა არ იყო
ატარეს ქალაქში ქალაქის არ იყო
დაჭრეს დაკუწეს ქვეყანამ გაიყო”