4 იანვარი, 2018

ვაჟა გიგაშვილი გარდაიცვალა

81 წლის ასაკში მწერალი და სცენარისტი ვაჟა გიგაშვილი გარდაიცვალა.

“გიგაშა – რომელიღაც მარტოხელა დიდი კატა” – ასე უწოდა თავის ჩანაწერს მწერალმა მიხო მოსულიშვილმა და გულისტკივილით აღნიშნა, რომ არც ერთ საინფორმაციო საშუალებას ეს ამბავი არ უხსენებია:

“გამოსათხოვარი:

ვაჟა გიგაშვილის ამბავი ნაახალწლევს გავიგე შემთხვევით, – 2017 წლის 31 დეკემბერს გარდაცვლილა და 2018 წლის 2 იანვარს დაუმარხავთ მუხათგვერდის სასაფლაოზე…

რამდენადაც მე მესმოდა, არც ერთ საინფორმაციო საშუალებას ეს ამბავი არ უხსენებია…

ჰოდა, ჩემთვის ვიფიქრე, რომ გიგაშა ხომ თავის ჭკუაზე მცხოვრები რომელიღაც მარტოხელა დიდი კატა იყო, ვეფხვი თუ სულაც თოვლის ჯიქი, მაგას თავისი არეალი ჰქონდა თავისუფლებისა და იმ არეალში ვერც ადრინდელი კომუნისტები მოხვდებოდნენ, ვერც ახლანდელი მოკომუნისტო და ყალბ თავისუფლებაზე მოღაღადე იდეოლოგები… და გიგაშაზე ლაპარაკი არც ენდომებოდათ…

თანაც ეგ ხო არ იყო, არაფრით იყო „ბატონი ვაჟა“…

ჩვენი გიგაშა იყო, ჩვენი ვაჟა გიგაშვილი…

გურამ რჩეულიშვილის ერთ-ერთი უახლოესი მეგობართაგანი, ერლომ ახვლედიანთან და გურამ გეგეშიძესთან ერთად, იმ მწერლებისა, რომლებმაც გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების ბოლოდან, კომუნისტური იდეოლოგიის ზეობისას, თავიანთი თავისუფლების ძებნა დაიწყეს…

პროფესიონალი მონადირე, მთამსვლელი, არქიტექტორი, კინოსცენარისტი და კიდევ, რაც მთავარია, ინტუიტიური და ლამის მოუხელთებელი რამეების კატის მოქნილობით დამჭერი და გამომხატველი მოთხრობების განუმეორებელი და საუკეთესო მწერალი, რომელიც ჩვენ ყველას, ახალუხლებს, ტოლებივით გველაპარაკებოდა ხოლმე, არადა, მართლა მაგარი ოსტატი იყო, – ისეთი ოსტატი, ნებისმიერი ქვეყნის მწერლობას რომ დაამშვენებდა და ბევრად დაფასებულიც იქნებოდა, ვიდრე ჩვენთან…

კაცი რომ ამქვეყნიდან მიდის, უფრო სრულად ჩანს ხოლმე, რა გაუკეთებია და რა ვერა და, – იქნებ ახლა მაინც წავიკითხოთ გიგაშას ნაწერები…”