15 იანვარი, 2018

თეატრალურმა საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვა

ბიძინა ივანიშვილიქართული თეატრის დღეს აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში თეატრალურმა საზოგადოებამ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დააჯილდოვა. თეატრალებთან ერთად დაჯილდოვებულთა შორის აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც “დავით სარაჯიშვილის პრემია” მიიღო.

ეს პრემია მეცენატებისათვის დაარსდა. იგი გადაეცემათ თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და ხელშეწყობისათვის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს. ამ პრემიის პირველი ლაურეატები ბიძინა ივანიშვილთან ერთად გახდნენ გიორგი თოფაძე, თელავის ღვინის მარანი, ლაშა პაპაშვილი, გიორგი რამიშვილი და ელგუჯა ბუბუტეიშვილი.

ინფორმაცია თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დიმიტრი ხვთისიაშვილმა გაავრცელა:

”თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით სახელობითი პრემიები გაიცა: ახმეტელის პრემია – სოსო ნემსაძე, ხორავას პრემია – ზურაბ ყიფშიძე, ვერიკო ანჯაფარიძის პრემია – მაია ცეცხლაძე, ვენერა ფეიქრიშვილი, პეტრე ოცხელის პრემია – მირიან შველიძე, მურაზ მურვანიძე.

ვერიკო ანჯაფარიძის დაბადებიდან 120-ე წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა ერთჯერადი პრიზი “ვერიკო 120”, რომელიც გადაეცათ ნინო ანანიაშვილს, კირა მებუკესა და გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლს “ალჟირი”.

თეატრალური საზოგადოების წოდება “ამაგდარი” გადაეცა საქართველოს სხვადასხვა თეატრებში მომუშავე 24 ადამიანს, რომლებსაც თეატრში მუშაობის 50 და მეტი წლის სტაჟი აქვთ და ისინი სცენის მიღმა შრომობენ, მათ შორის იყო 93 წლის გიორგი მერგელოვი, რომელიც 1942 წლიდან ანუ 76 წელია მუშაობს მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

წოდება “ამაგდარი” მიენიჭა ყველასათვის ძვირფას ქუთაისელს – მაია პაქსაშვილს.

დაარსდა “დავით სარაჯიშვილის პრემია” მეცენატებისათვის. იგი გადაეცემათ თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და ხელშეწყობისათვის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს. ამ პრემიის პირველი ლაურეატები გახდნენ გიორგი თოფაძე, ბიძინა ივანიშვილი, თელავის ღვინის მარანი, ლაშა პაპაშვილი, გიორგი რამიშვილი და ელგუჯა ბუბუტეიშვილი.

დაფუძნდა სახელობითი პრემია “ჭინჭრაქა” საუკეთესო საბავშვო ან/და თოჯინური სპექტაკლისათვის.
გიორგი ჯაბადარის სტუდიის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით დაფუძნდა “ჯაბადარის პრიზი”, რომლითაც დაჯილდოვდებიან თეატრალურ პედაგოგიკაში განსაკუთრებული ღვაწლის მქონე პირები.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სკეპტიკური განწყობებიც და სამართლიანი თუ უსაფუძვლო კრიტიკული მოსაზრებებიც, სასიამოვნოა, რომ დღევანდელი დღე მსჯელობის საგნად იქცა.

დარწმუნებული ვარ, ყველა ის ადამიანი, რომელიც იწონებდა თუ იწუნებდა დღევანდელ ცერემონიალს ქართულ თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია და ერთმანეთის აზრების გათვალისწინებითა და კეთილგანწყობით მომავალს უკეთ დავგეგმავთ.

რაც მთავარია, დაჯილდოვებული ყველა ადამიანი ნამდვილად ძალიან ღირსეულია და გულწრფელად ვულოცავ მათ ამ აღიარებას.”