თამაზ ჩხენკელის უმნიშვნელოვანესი სათქმელი

თამაზ ჩხენკელი– გორსალა სხვის ადგილს იკავებს და ამიტომ ნიადაგ დადარაჯებულია, სხვას უსაფუძვლო შენიშვნა მისცეს, დაამციროს. ის ამით თავს იმკვიდრებს, ცხოველური გეშით გრძნობს ინტელიგენტს და სძულს იგი მთელი არსებით, – ეს არის ნაწყვეტი მწერლისა და პოეტის თამაზ ჩხენკელის ესეების კრებულიდან “მწვანე ბივრიტი“:

“გორსალა – პროვინციელს არ ნიშნავს, ის დედაქალაქის მკვიდრია, თუმცა, თუ ჩავუკვირდებით, გორსალას აღმოვაჩენთ ყველგან – სოფელში, დაბასა და თავისთავად ცხადია, ქალაქში (სწორედ ქალაქია მისი თავშესაფარი და საუფლო).

მის ფსიქოლოგიურ სურათს ჰქმნის შინაგანი უკულტურობა, თავგასულობა, უტიფრობა და მებრძოლი უმეცრება.

გორსალას ახასიათებს, ერთი მხრივ, ამპარტავნება, ქედმაღლობა და ველური მეგალომანია, ხოლო მეორე მხრივ, მონური ქედის მოხრა და ქვემოთრეობა, სულერთია, რის ან ვის წინაშე.

ხშირად ეს თვისებები შენიღბულია და მთელი სისავსით მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებში ვლინდება.

გორსალა მარგინალია. ის ამოვარდნილია თავისი სოციალური ბუდიდან.

ის სხვის ადგილს იკავებს და ამიტომ ნიადაგ დადარაჯებულია, სხვას უსაფუძვლო შენიშვნა მისცეს, დაამციროს. ის ამით თავს იმკვიდრებს – ცხოველური გეშით ცნობს ინტელიგენტს და სძულს იგი მთელი არსებით.

გორსალიზმის ტოტალური შემოტევის პირობებში ზედმეტი არ უნდა იყოს ამაზე ლაპარაკი”.