17 იანვარი, 2018

საქართველო მარიამ ტიუდორის, ელისაბედ I-ის და ჰენრი VIII-ის დოკუმენტებში

სიმონ პირველიისტორიკოსი გიორგი კალანდია მე-16 საუკუნის საქართველოსთან დაკავშირებულ დოკუმენტებს თარგმნის და ამ ძვირფას ფოლიანტებში, რომლებიც თავის დროზე ელისაბედ I-ისთვის, ჰენრი VIII-ისთვის, მარიამ ტიუდორისთვის იყო განკუთვნილი ჩვენი პატარა საქართველოს სახელი არაერთხელ ფიქსირდება.

გიორგი კალანდია:

“საქართველოს ისტორიისათვის სიმონ I ისეთივე გამორჩეული მეფეა, როგორც ინგლისისათვის ელისაბედ I, თუმცა სიმონმა ელისაბედის შესახებ არაფერი იცოდა, ელისაბედმა კი ქართლის გმირი მეფის თავდადებული ბრძოლის შესახებ, როგორც ჩანს ბევრი რამ. ინგლისის ხელმწიფის კანცელარიაში დაცული 1583-1585 წლის დოკუმენეტები ამაზე აშკარად მიუთითებენ.

ეს ძვირფასი მასალა ხელოვნების სასახლის სამეცნიერო ექსპედიციამ ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკიდან ჩამოიტანა. „ქართუ“ ფონდის დაფინანსებით უნიკალური და საქართველოში უცნობი სააარქივო მასალის ნაწილი უკვე ითარგმნა და გამოიცა კიდეც 200 გვერდიანი ნაშრომი „ერეკლე მეფე ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში“. წიგნის პრეზენტაცია ხელოვნების სასახლეში მარტში გაიმართება.

ამჯერად კი თქვენი მონა-მორჩილის ხელმძღვანელობით მე-16 საუკუნის საქართველოსთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ვთარგმნით და ამ ძვირფას ფოლიანტებში, რომლებიც თავის დროზე ელისაბედ I-ისთვის, ჰენრი VIII-ისთვის, მარიამ ტიუდორისთვის იყო განკუთვნილი ჩვენი პატარა საქართველოს სახელი არაერთხელ ფიქსირდება.

დიახ, დიდმა და ძლევამოსილმა მონარქებმა იცოდნენ, რომ შორს, ორ ზღვას შუა იყო ერთი პატარა და გმირული ქვეყანა სახელად საქართველო, რომელიც განწირულად და თავდადებით იბრძოდა თავის გადასარჩენად. არამარტო იცოდნენ, არამედ მსჯელობდნენ, ფიქრობდნენ მასზე, ზოგჯერ პარტნიორად და მეკავშირედაც მოიაზრებდნენ, დიდი გეგმების მნიშვნელოვან ნაწილად განიხილავდნენ!

და ეს სწორედ მაშინ, როცა უთავოდ დაგდებული საქართველო სამეფო სამთავროებად დაქუცმაცებული, სულს მტერს არ უთმობდა! ბრძოლა ყოველთვის საჭიროა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ამის დასტური სულკურთხეული სიმონ I-ია – ქართლის გმირი მეფე, იედიყულეს ციხეში ოსმალთაგან ტუსაღად ქმნილი და ქართველთაგან ტყვეობიდან ვერ დახსნილი! ღმერთმა აცხონოს ჩვენი დიდი წინაპარი და მრავალ კალანდობას მოესწროს ჩვენი სამშობლო, მრავალრიცხოვანი, ერთიანი და მარად განუყოფელი!”