25 იანვარი, 2018

რევაზ ინანიშვილის ნოველები მოზარდ მაყურებელთა თეატრში იდგმება

რევაზ ინანიშვილიქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ადამიანური და სითბოთი გამსჭვალული ნაწარმოებების ავტორის რევაზ ინანიშვილის ნოველები მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე პირველად იდგმება.

„ჩემი ჩანაწერები ნამცეცებად ქცეული სიკეთის ამოკენკვის ცდაა,“ – წერდა მწერალი.

სპექტაკლის რეჟისორი და ინსცენირების ავტორი ოთარ ბაღათურიაა. მან ერთ-ერთი საუკეთესო პროზაიკოსის რამდენიმე ნოველა ერთ სიუჟეტურ ქარგაში გააერთიანა. სცენოგრაფია აივენგო ჭელიძეს ეკუთვნის, კოსტიუმები – მაია სხირტლაძეს, მუსიკალური გაფორმება კი – ლექსო ტურიაშვილს.

მწერლის საოცრად ადამიანური და სითბოთი გამსჭვალული ნაწარმოები იშვიათად იდგმება ქართულ სცენაზე. წარმოდგენა ეხება ისეთ მარადიულ თემებს, როგორიცაა ღირსება, სიყვარული, ადამიანობა, ერთგულება და თანადგომა.

„ადამიანო, იცოდე რომ მარტო ხარ! მარტო! იჩქარე, რომ დროზე ააგო შენი ასაგები კოშკი.”

რევაზ ინანიშვილის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია ფილმები: „ნატვრის ხე“, „ქვიშანი დარჩებიან“, „ჩირიკი და ჩიკოტელა”, „არდადეგები“, „დედუნა“ და სხვა.

ოთარ ბაღათურიას მიერ დადგმული სპექტაკლი სხვადასხვა ეპოქაში ადამიანთა ყოფის თემას ეხმიანება.

„ნოველები“ – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომლის პრემიერაც 28 იანვარს 19 საათზე მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე გათამაშდება.