16 იანვარი, 2018

მიხედეთ სირგვის ეკლესიას

სირგვის ეკლესიაკუკური მეტრეველი ქართული ეკლესია-მონასტრების მემატიანეა. მის მიერ გადაღებული ფოტოები ისტორიული მნიშვნელობისაა.

ქართული კულტურული მემკვიდრეობის გულშემატკივარი მწუხარებას გამოთქვამს, რომ ჯავახეთში სირგვის ეკლესიას ოფიციალური სტრუქტურებიდან არანაირი ყურადღება არ ექცევა. ამის დასტურია ისიც, რომ VII-IX საუკუნებით დათარიღებული ერთნავიანი ბაზილიკა მოწითალო ფერის თუნუქით გადახურეს.

კუკური მეტრეველი:

“შეიძლება თავიც შემეკავებინა ამ პოსტისგან, მაგრამ გული არ მიჩერდება.

ეს მომცრო ეკლესია, მდებარეობს ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის ჩრდილოეთით, უძველესი სირგვის ნასოფლარის ტერიტორიაზე. მდინარის პირას შემაღლებულ ბორცვზე აშენებული, VII-IX საუკუნებით დათარიღებული ერთნავიანი ბაზილიკა თავისი სამხრეთის ფასადის ორიგინალური შემკულობით და საკმაოდ დახვეწილი ფორმებით გამოირჩევა.

სირგვის ეკლესია ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი ქართული ისტორიული ძეგლია ჯავახეთში, რომლსაც ჩვენი ოფიციალური სტრუქტურებიდან დღემდე არ ექცევა არანაირი ყურადღება! ამის გამოა, რომ წლების განმავლობაში არაერთხელ მოხდა მისი უნებართვო და “უსწორმასწორო” ამოშენება–გადახურვა და გადაკეთება. ჯვახეთის უამრავი ქართული ტაძრის მსგავსად მის გალავანშიც დაიდგა “ხაჩქარი” და რკინის ჯვარი. ინტერიერი გაივსო გრიგორიანული სარწმუნოების ხატებით და საეკლესიო ატრიბუტებით.

ეს მომცრო და კოპწია ტაძარი უკანასკნელად გასული წლის 7 დეკემბერს მოვინახულე და ამ ფოტოების ნაწილიც სწორედ მაშინაა გადაღებული. იმ დროისათვის ტაძარს ისევ “ძველი” შიფერის სახურავი ეხურა და სისხამ დილით მშვიდად მოვახერხე მოლოცვა და “შენ ხარ ვენახოს” ცოტა ხნით წაღიღინებაც (ამ ცეროდენა ინტერიერში საოცარი აკუსტიკაა!).

ზუსტად ერთი თვის თავზე, შობა დღეს, ამა წლის 7 იანვარს გზის პირას მდებარე ამ ეკლესიის გვერდით, როგორც იქნა შემთხვევით აირა ერთმა ქართველმა ახალგაზრდამ, რომელმაც შეამჩნია, რომ ტაძარი ვიღაცას ახალი, მოწითალო ფერის თუნუქით გადაეხურა. გულიანმა კაცმა (სამწუხაროდ, მისი გვარი და სახელი ჩემთვის უცნობია) ყოველი შემთხვევისათავის ბარალეთის დედათა მონასტერში იკითხა, მათი გაკეთებული ხომ არ იყო ფერითაც და ფორმითაც ასეთი “მორგებული” გადახურვა? გაკვირვებულმა დედა სოსანამ იმ დღესვე ინახულა ახალგადახურული სირგვის ტაძარი, ოპერატიულად საქმის კურსში ჩააყენა ძეგლთა დაცვა და ყველა სხვა ორგანოც, ვისაც მსგავსი ძეგლების დაცვა და მოვლა–პატრონობა ევალება, ამ ფოტოების ნაწილი კიდევ ჩვენ გაგვიზიარა.

აქამდე სირგვის ტაძარს რომ ვერ ვუპატრონეთ, ამიტომ ვიღაცამ საბოლოოდ იფიქრა მისი დაპატრონება… იმედია, ჩვენი სათანადო ორგანოები ამჯერად მაინც “იპოვნიან” ჩვენს ისტორიულ მემკვიდრეობაზე უკანონო მოძალადეს და მოხდება მისი კანონიერი დასჯა, თორემ ასეთი ფაქტები ჯავახეთში არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება.”