18 იანვარი, 2018

BBC-ს სერიალმა, რომელშიც მერაბ ნინიძე მონაწილეობს, რუსეთი გააღიზიანა

მერაბ ნინიძეBBC-ის ახალმა სერიალმა McMafia რუსეთი გააღიზიანა. რუსეთის საელჩომ დიდ ბრიტანეთში არ გაითვალისწინა ათასობით მაყურებლის დადებითი შეფასება სერიალის მიმართ და BBC კლიშეების გავრცელებაში დაადანაშაულა:

“BBC-ს სერიალში McMafia ბრიტანეთი რუსი განგსტერების სამოქმედო მოედანად არის წარმოდგენილი. იცით, რამდენი რუსი დამნაშავე იხდის სასჯელს დიდი ბრიტანეთის ციხეებში? სწორი პასუხია – 10-ზე ნაკლები! რუსების მიერ ჩადენილი კრიმინალის მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში საშუალოზე დაბალია. კარგია, რომ ჩვენი მიმდევრები არ ტყუვდებიან იმ კლიშეებით, რომელსაც BBC ავრცელებს.”

McMafia BBC-ს ახალი სერიალია. კრიმინალური თრილერში ცნობილ მსახიობებთან ერთად ქართველი მერაბ ნინიძეც მონაწილეობს. სერიალი რუსული მაფიის მეთაურის ბრიტანეთში დაბადებული შვილის, ალექს გადმენის შესახებაა. ის ცდილობს თავი დააღწიოს ოჯახის კრიმინალურ წარსულს, საკუთარი ბიზნესი წამოიწყოს და ოჯახი შექმნას, თუმცა საბოლოოდ მაფიოზურ სამყაროს თავს ვერ აღწევს.