20 იანვარი, 2018

ალექსანდრე ყაზბეგის ფუფუნებაში დაწყებული და ფსიქიატრიულში დასრულებული ცხოვრება

მწერალი, დრამატურგი, პოეტი, მთარგმნელი და მსახიობი ალექსანდრე ყაზბეგი ცნობილი იყო ლიტერატურული ფსევდონიმით „აკაკია მოჩხუბარიძე“, მისი თეატრალური ფსევდონიმი კი „მოხევე“ იყო.

მწერლის ნაწარმოებები „ელისო“, „მამის მკვლელი“, „ციკო“, „განკიცხული“, „ხევისბერი გოჩა“, „მოძღვარი“ რამდენიმე წლის განმავლობაში შექმნა. მასზე გავლენა მოახდინა ქართულმა, რუსულმა და ფრანგულმა ლიტერატურამ.

ალექსანდრე ყაზბეგი 12 წლის იყო, როცა მისი ლექსი „ნანა“ ივანე კერესელიძემ დაბეჭდა „ცისკარის“ 1861 წლის დეკემბრის ნომერში. თავისუფლად საუბრობდა ფრანგულად, რუსულად და ძალიან კარგად ცეკვავდა, რაც მოგვიანებით თეატრალურ ხელოვნებაში გამოადგა. გავრცელებული ინფორმაციით, მწერალი დიდი მსახიობი არასდროს ყოფილა, მაგრამ სცენაზე „მთიულურს“ მისნაირად ვერავინ ასრულებდა.

მწერალი ბავშვობიდან განებივრებული ყოფილა. მამა ყველაფრის უფლებას აძლევდა და ზედმეტად ათამამებდა:

,,ჩვენი ბიძა-ძალუის მისწრაფება სანდროს სწავლა-განათლებაზე სხვადასხვანაირი იყო . ბიძაჩემს გაგიჟებით უყვარდა თავისი შვილი,და ამას მხოლოდ იმითი ამტკიცებდა, ანებივრებდა და მეტად რყვნიდა თავის ერთადერთ მემკვიდრეს, თითქმის აღმერთებდა. ხშირად იტყოდა ხოლმე: ჩემმა ალექსანდრემ ოღონდ იცოცხლოს და თუნდაც სულაც ნურას ისწავლისო. რაც უნდა ის ქნას, როგორც ესიამოვნება ისე იცხოვროს. ძალუა კეკეს შეხედულება ამ საგანზე სულ სხვა იყო . იმას ძალიან უნდოდა, რომ ალექსანდრე ფრიად განათლებული კაცი გამოსულიყო, ყველაფერი კარგათა და ზედმიწევნითა სცოდნოდა, რომ დედამიწის ზურგზე ყველაზე უკეთესი ისა ყოფილიყო, – იგონებდა ელისაბედ ყაზბეგი.

მწერალი ცელქი და მოუსვენარი ბიჭი იყო, თანატოლებთან უსიამოვნება ხშირად ჰქონდა. დედამ მას მოჩხუბარიძე დაარქვა. ბიჭს ეს სახელი ძალიან მოეწონა და თქვა: “ჰო, მოჩხუბარიძე მქვია და აკაკიასაც მეძახიან. ასე მესიამოვნება!”

გათამამებული ბიჭის ლაღი ცხოვრება მაშინ დასრულდა, როდესაც მამა გარდაეცვალა. დედამ გადაწყვიტა შვილი დაექორწინებინა. მწერალს ცოლის შერთვა არ სურდა, ამიტომ რუსეთში წასვლა გადაწყვიტა. სამშობლოში ალექსანდრე ყაზბეგი ისე დაბრუნდა, რომ უმაღლესი სასწავლებელი არ დაამთავრა. მან მთაში წასვლა და მწყემსობა გადაწყვიტა, რაც შემდეგ “ნამწყემსურის მოგონებაში” აღწერა:

“მე-18…წელს გადავწყვიტე მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი, გამეცნო ხალხი და გამომეცადა ის შიში და სიამოვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსს განუშორებლად თან სდევს. მე თვითონ, როგორც მთის კაცს, მყვანდა რაოდენიმე ცხვარი, ცოტაოდენი კიდევ ზოგიერთს მიწებში გაცვლით მოვაგროვე, მივუმატე ჩემს ფარას, ავიღე ჯოხი და თოფი და ამგვარად შევიქენ მეცხვარე.”

მთაში ყოფნის დროს მან დააგროვა საჭირო მასალა, რომ ის ცნობილი ნაწარმოებები შეექმნა, რომელიც მომავალ თაობებს დაუტოვა.

მწერალმა პირადი ცხოვრება ვერ აიწყო. თბილისში ჩამოსული აკაკი წერეთელმა ქართული თეატრის სცენაზე აიყვანა. ერთი ვერსიით, ის თავის მოგვარეს შეუყვარდა, რაზეც მწერალმა უარით უპასუხა, მეორე ვერსიით მწერალს გლეხის ქალი შეუყვარდა. ყაზბეგის ოჯახი ამ ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. რუსეთში ყოფნის დროს მწერალს საცოლე ჰყავდა, ქორწილიც დანიშნული იყო, მაგრამ ქორწილი არ შედგა.

ფუფუნებაში გაზრდილი ბიჭი რეალობას დაეჯახა და არაერთმა პრობლემამ იჩინა თავი. თეატრში მის მოღვაწეობას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ნაწარმოებების მოპარვაშიც დასდეს ბრალი, ფული რომ არ ჰქონდა მისთვის ძვირფას ნივთებს ჰყიდდა, მწერლის ახირებულ ხასიათს ფსიქიკური პრობლემები დაერთო, ყველასგან მიტოვებული მოთხრობების წერით დაკავდა. საბოლოოდ ალექსანდრე ყაზბეგი თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“სიკვდილის შემდეგ კი შეინანა საზოგადოებამ, მის კუბოს მზე და მთვარეც დააყარეს, მაგრამ რაღა დროს?” – წერდა აკაკი წერეთელი.