3 იანვარი, 2018

აჩიკო ნიჟარაძე: “რასაც ახლა ვიტყვი…”

– არავის არ ეწყინოს ჩემი კრიტიკული განწყობა, უბრალოდ მინდა რომ ბოლომდე კარგი იყოს თუ რამე გაკეთდება, – ამბობს მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე და საახალწლო კონცერტთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს:

“კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ახალ წელს, ბედნიერები, გახარებულები, ჯანმრთელები და წარმატებულები ყოფილიყავით ყველა.

დიდი მადლობა უკლებლივ ყველა ჩემს კოლეგას, კონცერტის ორგანიზატორებს, ქალაქში განხორციელებული უამრავი საახალწლო კონცერტებისთვის. ძალიან მიხარია, რომ უკლებლივ ყველა მომღერალს მიეცა საშუალება საახალწლო კონცერტში მიეღო მონაწილეობა და არ ყოფილიყო შერჩევა პოლიტიკური ნიშნით, როგორც წინა წლებში ხდებოდა. მეც ვიყავი მიწვეული საახალწლო გალა კონცერტზე ევროპის მოედანზე. უბრალოდ ბორჯომში მქონდა დაგეგმილი კონცერტი და მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო ვერ შევძელი გამოსვლა. მოწვევისთვის მადლობა ორგანიზატორებს მიუხედავად იმისა რომ ვერ მოვახერხე გამოსვლა.

არავის არ ეწყინოს ჩემი კრიტიკული განწყობა, უბრალოდ მინდა რომ ბოლომდე კარგი იყოს თუ რამე გაკეთდება. რასაც ახლა ვიტყვი, დარწმუნებული ვარ, დამეთანხმება ყველა ჩემი კოლეგა. კონცერტის გახმოვანება, მომღერლების, ორკესტრის ნორმალური ჟღერადობის გაშვება ეთერში, ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ მომღერლებისთვის და ასევე მსმენელისთვის.

მთელი კონცერტის განმავლობაში ან მომღერლის ხმა არ ისმოდა, ან ისმოდა ორკესტრიდან ერთი ან რამოდენიმე საკრავის ხმა, ისმოდა ხალხის ლაპარაკი საეთეროდან, ისმოდა ვიღაცეების ღლიცინი. მომღერლები რომლების პროფესიონალიზმში ნამდვილად არ მეპარება ეჭვი, ისინიც კი არ ისმოდნენ, ან ცუდი გახმოვანების გამო ცუდად ჟღერდნენ. ცოტა სირცხვილი ხომ არ არის ამდენი წელი, რომ ხმის დაყენება ვერ ისწავლა ვერავინ ამ ქვეყანაში. შეიძლება მოედანზე ყველაფერი კარგად ისმოდა, უბრალოდ ეთერში 3.500.000 ადამიანი მხოლოდ უყურებდა, კონცერტს მოსმენა იყო შეუძლებელი.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი დედაქალაქის მერს, კახი კალაძეს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომ ყველა მომღერალს, მსახიობს და ხელოვან ადამიანს მიეცა საშუალება, ერთად მიელოცათ ახალი წელი თავისი საყვარელი ხალხისათვის. თურმე შესაძლებელი ყოფილა.”