4 იანვარი, 2018

ტრისტან მახაური გარდაიცვალა

ლიტერატორი და ფოლკლორისტი ტრისტან მახაური გარდაიცვალა. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და მკურნალობის კურსს კლინიკაში გადიოდა.

ინფორმაცია ტრისტან მახაურის გარდაცვალების შესახებ პოეტმა შოთა იათაშვილმა გაავრცელა:

“გარდაცვლილა მაინც ტრისტან მახაური… ღმერთმა გაანათლოს. მისი ეს ლექსი მიყვარდა სხვანაირად:

მგელი

დაღამებიდან განთიადამდე
ანათებს ჩემი თვალების შუქი.
მე მივდევ ქედებს
მშიერი და კისერგაწვდილი.
გავეკიდები
ხეობებიდან ამოსულ ნისლებს,
რადგან მგონია,
რომ მეცხვარეს დაუსხლტა ფარა,
შემოეხეტა უპატრონოდ
მთის ვიწროებში.
… კბილებში ჰქრება
გაცრეცილი ნისლის ნაფლეთი,
ცახცახებს მთელი ჩემი ტანი,
“კისერი – მშვილდი”,
თრთიან ფეხები –
ერთგულების მკაცრი ნიშნები.
მე აღარ მახსოვს,
როდის მოვწყდი მშვენიერ სოფელს,
რამ გადმომაგდო
ასე მარტოდ უსიერ ტყეში,
ან რად შეიცნო
ჩემში მტერი ადამის მოდგმამ.
მაინც არ მინდა,
მორჩილებით დავხარო თავი,
გავუყვე თეთრი სახლებისკენ
მიმავალ ბილიკს,
რადგანაც ვიცი:
მეც ძაღლივით დამაბამენ
ფარეხის ახლოს
და ვუდარაჯებ იმას,
რასაც უნდა ვმუსრავდე.”