2 იანვარი, 2018

ლაშა ბუღაძე: “შოკში ჩაგვაგდო…”

– რატომ არ მიხარია ახალი წელი? – ასე უწოდებს მწერალი ლაშა ბუღაძე თავის ჩანაწერს და ამის მიზეზებსაც დეტალურად განმარტავს:

“იმიტომ რომ, რთულია შოკიდან გართობაზე გადასვლა.

რთულია ხელაღებით დაივიწყო გუშინ მომხდარი და ბედნიერი აღტაცებით გიხაროდეს დღევანდელი დღე.

რთულია სასოწარკვეთილების უცაბედი და “სავალდებულო” მხიარულებით გარდაქმნა.

რთულია ტრაგიზმის სტრესის ჩანაცვლება აუცილებელი ზეიმის სტრესით.

არ მიხარია, რადგან არსად წასულა, თუნდაც ბოლო ერთი თვე, და თუ ცნობიერად “წავიდა”, ქვეცნობიერად შერჩა ჩვენს სოციალურ მეხსიერებას.

არ მიხარია, რადგან შეუძლებელია მხიარული იყოს წლის ყველაზე სოციალური დღესასწაული, როცა თუნდაც მხოლოდ წლის ბოლო ასეთი არამხიარულია.

არ მიხარია, რადგან ჯერ ერთი თვეც არ გასულა, რაც სკოლის მოსწავლეების მკვლელობამ ჩაგვაგდო შოკში.

არ მიხარია, რადგან თვეზე ოდნავ მეტი გავიდა, რაც შოკში ჩაგვაგდო თბილისში გაჩაღებულმა ოცდაორსაათიანმა ანტიტერორისტულმა ოპერაციამ.

არ მიხარია, რადგან შოკში ჩაგვაგდო ბათუმის სასტუმროში გაჩენილმა ხანძარმა და 11 ადამიანის დაღუპვამ.

არ მიხარია, რადგან შოკში ჩაგვაგდო ადამიანის ცემამ და წამებამ, და თითქოს საკმარისი არ ყოფილიყო მისი ფიზიკური ჩაგვრა, შოკში ჩაგვაგდო მორალურმა ჩაგვრამაც – როცა სიძულვილის ობიექტად აქციეს მსხვერპლი.

არ მიხარია, რადგან შოკში ჩაგვაგდო მძინარე 19 წლის ბიჭის სასიკვდილოდ დაჭრამ პანკისში.

არ მიხარია, რადგან შევეჩვიეთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ფასი არა აქვს და შოკში აღარც ვვარდებით, როცა გვესმის, რომ “მორიგი მუშა დაიღუპა მორიგ მშენებლობაზე”.

არ მიხარია, რადგან გარშემო ამდენი აგრესია, თვალთმაქცობა და უმწეობაა.

არ მიხარია, რადგან შეკითხვებზე პასუხს ვერ ვიღებთ.

არ მიხარია, რადგან არც ვსვამთ რეალურად შეკითხვებს.

არ მიხარია, რადგან საკუთარ თავს არ ვუსვამთ მთავარ შეკითხვას – რატომ?”