Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ტარიელ ხარხელაურის თხოვნა ქართველებს

2 იანვარი, 2018

ტარიელ ხარხელაურის თხოვნა ქართველებს– ნუ გავუგზავნით ერთმანეთს რისხვასა და სიძულვილს. მიიღეთ ჩემგან უსაზღვრო სიყვარული საახალწლო მოლოცვად… – აცხადებს პოეტი ტარიელ ხარხელაური:

“ისეთ გარემოში, რომელშიც ახლა გვიწევს ცხოვრება – ძალიან ძნელია, წინასაახალწლოდ მოძებნო სიტყვა, რომელიც მიმავალ წელს რაიმეთი დაამშვიდებს და მომავალს კი უკეთესის იმედით გაუთბობს გულს.

არადა მოლოდინი, მოლოდინი მომავლისა, მარადიული მფეთქავი ძარღვი კაცობრიობისა, მუდმივად წამქეზებელი წუთისოფლისა – არ გვაძლევს გასაქანს, რომ ახლანდელი წასულ წელს დავამგზავროთ და ჩვენი, მუდმივად უკეთესისკენ მიმართული მზერა ხვალინდელს არ მივაპყროთ.

ამჯერადაც ასე მოვიქცევით – ყველა იმ უბედურებას, რაც მოვაწიეთ თავსა და ქვეყანას, ამ საცოდავ წელს ავკიდებთ და თუ მომავალ წელსაც ამის იმედით ავედევნებით, მოსალოციც არღარა გვქონია რა, არღარა დაგვრჩენია რა. ერთხელ მაინც, თუნდაც ერთხელ – ნურც ძველ წელს გავწირავთ, ნურც მომავალს ჩავაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში და სწორედ ასეთი წლის მოლოდინი მინდა მოგილოცოთ თქვენ და ჩემს ასეთი ბედნიერი წლის მოლოდინით დაღლილ ქვეყანას…

ნუ გავუგზავნით ერთმანეთს რისხვასა და სიძულვილს.

მიიღეთ ჩემგან უსაზღვრო სიყვარული საახალწლო მოლოცვად…

თქვენით სავსე და უთქვენოდ მტვერზეც მცირე ტარიელ ხარხელაური.”