Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გურამ ბათიაშვილი ამას არ იმსახურებდა

25 იანვარი, 2018

გურამ ბათიაშვილიმწერალი და დრამატურგი 80 წლის გურამ ბათიაშვილი საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ჟურნალიდან „თეატრი და ცხოვრება“ გაუშვა.

ინფორმაცია ჟურნალისტმა თამარ კიკნაველიძემ გაავრცელა:

“არ მესიამოვნა გურამ ბათიაშვილის ჟურნალიდან „თეატრი და ცხოვრება“ გაშვება. მიუხედავად იმისა, რომ „თეატრალური საზოგადოების“ უუნარობა, დროსთან შეუსაბამობა, საღ აზრთან შორს დგომა და საქმისადმი, სფეროსადმი არაპროფესიონალური დამოკიდებულება ყოველთვის იყო ჩემი კრიტიკის საგანი, გურამ ბათიაშვილი იყო ერთადერთი ადამიანი ამ საზოგადოების წარმომადგენლებიდან, რომელიც ცდილობდა დიალოგს ახალ თუ საშუალო თაობასთან. სხვები თუ იმალებოდნენ, ის არ გაურბოდა პასუხისმგებლობას და რამდენადაც შეეძლო, მისთვის ჩვეული დიპლომატიით, ცდილობდა მოეძებნა არგუმენტები, რომლებიც რამენაირად მაინც გაამართლებდა როგორც „თეატრალური საზოგადოების“ ისე ჟურნალის მდგომარეობას.

ყოველთვის ეგონა, რომ არ ვკითხულობდი „თეატრი და ცხოვრებას“, რახან წლებია უარს ვამბობდი თანამშრომლობაზე. მაგრამ არ იყოს ასე. თითქმის ყველა ნომერი მაქვს წაკითხული და ვიცი რა სახის, ფორმატის და შინაარსის მატარებელი იყო ის ბოლო წლებში. ჩემი კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, გაიზარდა თუ არა ჰონორარები, დამირეკა და ხომ არ ითანამშრომლებო, მაინც გადაამოწმა. მისი ძალისხმევა არ იყო ცხადია საკმარისი, მაგრამ აკეთებდა იმას, რაც შეეძლო. არგუმენტირებული კრიტიკისას დაგვთანხმებია კიდევაც, და თუ ახალი თაობის მხრიდან უფრო მძაფრი და რადიკალური არ იყო გამოხმაურებები „საზოგადოებისადმი“, მხოლოდ და მხოლოდ მისი ხათრით. რამდენადაც თვითონ ყოველთვის მშვიდად, კულტურულად, ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე ცდილობდა დიალოგს და პასუხს, რითაც, ხელმძღვანელები ნამდვილად არ გამოირჩეოდნენ. ისინი ლაპარაკს ყოველთვის იწყებდნენ მათი დამსახურებით თეატრალური ხელოვნებისადმი და აგრძელებდნენ იმით, რომ ჩვენ რა გვესმის, თეორეტიკოსებს.

ეს არასოდეს უკადრებია გურამ ბათიაშვილს. პირიქით, თუ ვინმეს იმედი ჰქონდა, ახალგაზრდების; დიდი ხანია ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებდა და დაეთანხმებოდა ყველა სიახლეს, რომელიც ჟურნალის როლისა და მნიშვნელობის გაძლიერებისკენ იქნებოდა მიმართული. იმდენი კრიტიკული სიტყვა და უარი, რაც მისთვის მაქვს ნათქვამი, მგონი სხვა არავისთვის ამ სფეროში. მაგრამ ის, რომ გამოცემა, რომლის არსებობაც ყველაზე ნაკლებად ადარდებდათ ხელმძღვანელებს, მან დიდი ძალისხმევის შედეგად შეინარჩუნა, ფაქტია. ამის გაუთვალისწინებლობა არ უნდა იყოს სწორი და სამართლიანი; 80 წლის გახდა და ათწლეულები სულ ამ ჟურნალის მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა. მეღიმებოდა კიდეც, როდესაც ვკითხულობდი მის გამოხმაურებებს იმ თეატრალურ მოვლენებზე, რომელთა „გაშუქებაზეც“ ყველა სხვა დანარჩენს ეთქვა უარი…

ახლა ვიგებ, რომ „თეატრი და ცხოვრების“ მომდევნო ნომერი მთლიანად ეძღვნება დიმა ჯაიანის ხსოვნას… ხედავთ ხომ რეფორმას და განსხვავებას? მე ნამდვილად ვერ მოვექცეოდი მას ასე, ძალიან მომერიდებოდა.”