29 იანვარი, 2018

კულტურის და არქიტექტურის კიდევ ერთი ძეგლი იყიდება

ძველი კინოსტუდიის პავილიონი იყიდება საქართველო – ეს ფრაზა ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ყველაზე მეტად შეეფერება. იყიდება ყველაფერი, რისი გაყიდვაც შეიძლება.

ამჯერად თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე 20-იანი წლების კულტურის და არქიტექტურის ძეგლი – ძველი კინოსტუდიის პავილიონი იყიდება.

ინფორმაცია ძველი კინოსტუდიის პავილიონის გაყიდვის შესახებ გაგა ჩხეიძემ გაავრცელა:

“იყიდება 20-იანი წლების კულტურის და არქიტექტურის კიდევ ერთი ძეგლი – ძველი კინოსტუდიის პავილიონი!

თუ რა მოაქვს კულტურის კერების პრივატიზებას, კინოთეატრ “აპოლოს” მაგალითზე ვნახეთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ქართული კინოსაზოგადოება აღმოჩნდა სრულიად უნიათო, წინ აღდგომოდა კინოსტუდიის ხელმძღვანელობისა და ცალკეული პირების მავნებლობას, როცა მათ ეს პავილიონი, სრულიად უნიკალური ძეგლი, გაასხვისეს.

რა ბედი ეწევა ამ შენობას, ძნელი სათქმელია.

პირადად მე მქონდა იდეა, ძველ პავილიონში დაგვეფუძნებინა ქართული კინოს მუზეუმი, რომელიც იქნებოდა ცენტრალური ინსტიტუცია ამ სივრცეში. მის პარალელურად აქ იარსებებდა უამრავი კულტურული თუ კომერციული ობიექტი, რომელთა ერთობლიობა ახალ, თანამედროვე, უაღრესად საინტერესო ატრაქციონად აქცევდა ამ შენობას. მით უმეტეს, რომ ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, რომელიც “ქართული ფილმის განვითარების ფონდის” საკუთრებაა, გარკვეული ამბიციური გეგმები არსებობს. ამ უბანშია ასევე კინოსთან დაკავშირებული კიდევ ორი ძეგლი: კინოთეატრი “აპოლო” და თეატრის, კინოს, მუსიკისა და ცეკვის მუზეუმი, ასევე კინომსახიობთა თეატრი.

ისღა დაგვრჩენია, ვიმარჩიელოთ, რას მოიმოქმედებს ახალი მესაკუთრე. დიდი შანსია, რომ დაანგრიოს და კორპუსები (ან ფეშენებელური სასტუმრო) წამოჭიმოს.

კარგი იქნება, თუ ქალაქი და კულტურის სამინისტრო დაინტერესდება ამ ძეგლის ბედით.

პ.ს. ფოტო ახლახანს გადავიღე.”