5 იანვარი, 2018

“გურამ რჩეულიშვილზე დაწერილი მოთხრობა, რომელიც შეგაყვარებთ ვაჟა გიგაშვილის მწერლობას!”

ვაჟა გიგაშვილიქართული ლიტერატურის მოყვარულებმა კარგად იციან სამი ქართველი მუშკეტერი – გურამ რჩეულიშვილი, გურამ გეგეშიძე, ვაჟა გიგაშვილი.

ვაჟა გიგაშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი უმცროსი კოლეგა ლაშა თაბუკაშვილი იხსენებს:

“პამირის მთებში, ფორტანბეკის მყინვარის მორენაზე, ედელვაისებით გაბიბინებულ მინდორზე წამოგორებული, თოფის წმენდით გართულ ვაჟას ვუყურებ და გულში მეღიმება, აბა, რომელი მწერალი გაბედავდა, იდუმალ და საოცნებო ყვავილზე დაეწერა, ედელვაისი კი გარშემო იმდენი იყო, რომ ვირი იბალახებდაო!

16 წლიდან ვძმაკაცობ ვაჟასთან, ხოლო მას შემდეგ, რაც გოგი ოჩიაურმა გაგრა-თბილისის მატარებელში ვაჟას „თბილი ლოგინი და ცივი ღამე“ წამაკითხა, ჩემს მასწავლებლადაც ვთვლი და დღესაც, სამოცდახუთს მიკაკუნებულს, არ გამნელებია მოსწავლის მოწიწება და აღფრთოვანება მისი დაწერილის მიმართ, მით უმეტეს, როცა ტექსტსაც და ავტორსაც ერთ ორგანიზმად აღვიქვამ!

სამ მუშკეტერად შერაცხულთა შორის უმცროსი (გურამ რჩეულიშვილი, გურამ გეგეშიძე, ვაჟა გიგაშვილი) მათში ყველაზე გვიან დაიბეჭდა.

მოვიდა მწერალი, რომელიც ცოტას წერდა, მაგრამ რასაც წერდა, ერთი კაშხალის ენერგეტიკას უდრიდა და განცვიფრებას იწვევდა ის ფაქტი, რომ მეოცე საუკუნის 50-იანი წლების იდეოლოგიურ გაზის კამერაში სულის ასეთი ამოტყორცნა მოხდა. მე კი ყმაწვილ კაცს, ბუნებრივია, რომ ესოდენ მხიბლავდა პიტალო შეუგუებლობა სიყალბის და სილაჩრის მიმართ, ბედისწერასთან დუელში გასვლა და პიროვნების თავისუფალი ნების აბსოლუტში აყვანა! ამიტომაცაა, რომ დღევანდელი გადასახედიდან მისი გმირი ზოგმა შეიძლება სოციოპათადაც აღიქვას, ახლად დაჭერილ მხეცივით რომ აწყდება ჩარაზულ გალიას!

უმიზეზო მეამბოხედ შერაცხულ გოდარის საკულტო ფილმის გმირს „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“ თემატურად ვაჟას მოთხრობებმა დაასწრეს. ახალგაზრდა რეჟისორს, ლანა ღოღობერიძეს ფილმის გადაღებაც სურდა მაშინ, მაგრამ ცენზურა არ თვლემდა და ეს ჩანაფიქრიც განუხორციელებელი დარჩა. თან, მთლად უმიზეზოც არ გახლდათ გიგაშვილისეული პერსონაჟების ფსიქოპათურობამდე მისული პროტესტი: 1937 წელი გუშინდელი დღე იყო მათი მამებისთვის და თავზარდაცემული, მუდმივ მონანიებაში გადავარდნილი საუკეთესო ნაწილი ქართული ინტელიგენციისა მხოლოდ სახლის კედლების გარემოცვაში ბედავდა მოთქმა-გოდებას (ვაჟა გიგაშვილი კი სწორედ რჩეულთა შორის იზრდებოდა), რაც ყმაწვილი მუშკეტერებისთვის, მათი ასაკობრივი მაქსიმალიზმისა და გარკვეული ექსტრემიზმის გათვალისწინებით, მიუღებელი იყო.

…ისინი კი არ ამტყუნებდნენ მამებს, უბრალოდ არ უნდოდათ ეცხოვრათ შიშში და მხოლოდ გადარჩენის ინსტინქტით შეპყრობილებს. ის მცირე ნაწილი უფროსი თაობისა, ვინც ქედი არ მოიხარა და იპოვა საკუთარი გზა იმ კაფკასეულ ლაბირინთში, მართლაც რომ მცირე ნაწილი აღმოჩნდა.

დღეს, როცა კომფორტი და წარმატებულობა მთავარ ღირებებულებად იქცა, მკითხველს ვურჩევდი, დათმოს „თბილი ლოგინი“ და ვაჟა გიგაშვილს გაჰყვეს „ცივ ღამეში“, რომელიც მწერლის უნიკალური ხატვის წყალობით, აწკრიალებს დაღლილ და გათხვრილ სულიერებას, როცა თითქოსდა უცხო რეალობა შენს წარმოსახვაში კი არა, არამედ ჭეშმარიტ რეალობაში შებიჯების შანსს გაძლევს, სადაც ხევსურეთისა და თუშეთის მთები პამირისა და ტიან-შანის მთებს ეხმიანებიან, სადაც „ნადირობა ჩონ-ტაშში“ თამამად ეტოლება ტურგენევისა და ჰემინგუეის მონადირულ თხრობას, როცა თბილისური მიეთმოეთი ბუნების იდუმალების მინდიასებურ ამოცნობას ენაცვლება, სადაც სისასტიკე და სისხლი ცალთვალა ბებიის ცრემლით ირეცხება.

და რაც აქამდე ვთქვი, მხოლოდ დეტალია იმ უზადო „რაღაცის“, რასაც ვაჟა გიგაშვილის სამყარო ჰქვია, თორემ „მაგრობისთვის“ ერთი პატარა შედევრიც იკმარებდა, გურამ რჩეულიშვილზე დაწერილი მოთხრობა, სადაც ძმაკაცის სიკვდილის არმიღება და მისი დაბრუნების მოლოდინი ასე შეგაყვარებს ვაჟა გიგაშვილის მწერლობას!”