29 დეკემბერი, 2017

თეიმურაზ ქორიძე: “ღმერთმა ქნას, ვცდებოდე”

– თუ ლაშა ბუღაძე და მისი ამქარი თვითონ ვერ ხვდებიან, რომ ქართულ ლიტერატურასაც, ჟურნალისტიკასაც და მართლმსაჯულებასაც, ნებსით თუ უნებლიეთ, მყრალ ჭაობში ითრევენ, იქნებ ჩვენ ავუხსნათ, – აცხადებს პუბლიცისტი თეიმურაზ ქორიძე.

“ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ „რატიანის საქმემ“ გამოაჩინა, რომ თანამედროვე ქართულ მხატვრულ ლიტერატურას შავი დღე უდგას – იგი, პირდაპირი გაგებით, მწერალთა ერთი ხმაურიანი ჯგუფის ტყვეობაშია.

არ ვამბობ, რომ ბატონი რატიანი ცუდი პოეტია – იგი კარგი პოეტია, ისეთივე, როგორიც დაახლოებით ხუთი ათასამდე მისი თანამედროვე კოლეგა. მის პოეტურ ღირსებებზე სულ რაღაც ასიოდე წლის შემდეგ უფრო საბუთიანად მოგახსენებთ.

ახლა სხვა რამე უნდა ვთქვა – ეს „ხმაურიანი ჯგუფი“ ბატონ რატიანს პოლიციის ხელყოფისგან იმის გამო უნდა იცავდეს, რომ პოეტია, თუ იმის გამო, რომ უდანაშაულოა?

დიდი ბოდიში, ქართული ლიტერატურის ქომაგებო, მაგრამ ფრანგული და მსოფლიო პოეზიის სიამაყის, ფრანსუა რაბლეს ან რუსული და მსოფლიო პროზის სიამაყის, ფიოდორ დოსტოევსკის სახელები რამეს გეუბნებათ?

თუ ლაშა ბუღაძე და მისი ამქარი თვითონ ვერ ხვდებიან, რომ ქართულ ლიტერატურასაც, ჟურნალისტიკასაც და მართლმსაჯულებასაც, ნებსით თუ უნებლიეთ, მყრალ ჭაობში ითრევენ, იქნებ ჩვენ ავუხსნათ.

ამქვეყნად ყველაფერს საზღვარი აქვს, მათ შორის, უმეცრებასაც და ამბიციებსაც.”