4 დეკემბერი, 2017

სამძიმარი შვილგარდაცვლილ მამებს…

– ისეთმა კაცმა უნდა თქვას სამძიმარი ვინც კარგად გრძნობს რა ტკივილზეა საუბარი… კარგად ვიცი, რა ხდება ამ დროს მშობლის თავს, რას განიცდის, როგორ სტკივა და რაზე ეფიქრება… ერთადერთი, რაც შემიძლია გთხოვოთ სწორედ თქვენი შვილების ხათრით – იყავით მხნედ და გაუძელით, გაუძელით ამ აუტანელ და გაუსაძლის ტკივილს… – აცხადებს პოეტი ტარიელ ხარხელაური და შვილმკვდარ მამებს სამძიმარს უცხადებს:

“ბექას…

მზე ამოდის და მზის სხივში გეძებ,
ვინ დამარწმუნებს, რომ მზე არა ხარ,
ან ცათა ნისლი – და წევხარ მთებზე,
ან იქნებ, შვილო, მოხველ ბალახად.
იქნებ ხარ მთვარე, წუხელ რომ ვსდიე
და, რომ დამტოვა მთების აჩრდილად,
იქნება ზღვა ხარ და ბორგავ ძლიერ,
რომ თვითმკვლელობას გადამარჩინო.
ჭიუხებიდან დაიძრა ქარი,
თენებას მამცნობს ყეფა არწივთა,
მზე ამოჩნდა და ფერები მკრთალი
დაჭირხლულ შუბლზე შემომაფლითა.
ყველგან შენ გხედავ, რაც მზის ქვეშ სუნთქავს,
მგელი ყმუის, თუ გალობს ფრინველი,
შვებას შენ აძლევ სულს თავისუფალს,
ციდან ჩამოგაქვს ხმა საკვირველი.
დაშაშრულ ბაგეს მინედლებს ლოცვა,
შევცოდავ – ზოგჯერ ლოცვებიც მზარავს,
სიცოცხლე, შვილო, უხდება ცოცხალს,
რა უნდა უყოს ჩემსავით მკვდარმა.
იავდრებს, ცაზე ღრუბელი აჩნდა,
ღრუბელი მკვრივი და ტყვიისფერი,
ზურგს უკან მთელი სამყარო დამრჩა,
წინ ქაოსი და ყვითელი მტვერი.
ვდგები – წინ შემკრთალ ნაბიჯს ვაცურებ,
არ მაპატიებ შენ ამ დაცემას,
სამყარო ისეც ცრემლში დაცურავს,
რა უნდა უყოს ჩემმა ნაცრემლმა.
ვფანტავ ყველაფერს ღრუბლების ჩათვლით,
თუ რამე დამხვდა ხელისშემშლელი,
ვიცოცხლებ შენი ღიმილის ხათრით,
ვიცოცხლებ ისე როგორც შეგშვენის…
უარვყავ ჟამი ქარების ჩათვლით,
მე წუთისოფლით უკმაყოფილომ,
ვიმღერებ შენი ღიმილის ხათრით –
როგორც არ უნდა მძულდეს მსოფლიო.”