23 დეკემბერი, 2017

“რა უნდა გაგვეკეთებინა, ეს საქმე რომ ასეთ დღეში არ იყოს?”

ასე მიმართავს რუსთაველის ფონდს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენელი ლია ქაროსანიძე:

“გუშინ ქალბატონი ნათელა მუზაშვილი შემოვიდა ჩემს ოთახში და მე და ანა ხურცილავა (ჩვენი ახალგაზრდა თანამშრომელი) მუშაობაში ჩართული რომ გვნახა, გულმოკლულმა მითხრა, გთხოვ, ანა ადრე გაუშვიო. ანა ნახევარ შტატშია და 200 ლარს იღებს. მუშაობს ტექნიკური ტერმინოლოგიაზე, მისი აქტიურობით დაარსდა ტერმინოლოგიის საზოგადოება, რომელიც ევროპის საზოგადოებას შეუერთდა, გვერდით გვიდგას ტერმინოლოგიის კონფერენციის საორგანიზაციო საქმეებში, ორ წელიწადში ერთხელ გვაკეთებინებს ჟურნალს “ტერმინოლოგიის საკითხები” (შარშან მარტომ გააკეთა მთელი კრებულის საძიებელი), უთქმელად ესმის ჩვენი და, რაც მთავარია, ჩვენი მუშაობის არსი, ტერმინოლოგიის სკოლას ენთუზიაზმით აგრძელებს.

სკოლას, რომელსაც დიდმა მეცნიერებმა ჩაუყარეს საფუძველი. ვუკოლ ბერიძის საქმე როგნედა ღამბაშიძემ ჩაიბარა, როგნედა ღამბაშიძისა – ინგა ჯიბუტმა და ასე მოვიდა ჩვენამდე, უნიკალური ჩანაწერებით, მასალებით, 100-ზე მეტი დარგობრივი ლექსიკონით, რომლებიც ჯერ კიდევ 90-იანებში თუ არა, საუკუნის დასაწყისში ხომ მაინც უნდა გაციფრებულიყო! ჩვენ კი ახლა დავიწყეთ, ისიც ისევ ენთუზიასტების დახმარებით…

კითხვა მაქვს რუსთაველის ფონდთან, როგორი პროექტი უნდა დაგვეწერა, რა უნდა გაგვეკეთებინა და ვერ გავაკეთეთ, ეს საქმე რომ ასეთ დღეში არ იყოს? რუსთაველის ფონდის ყველა პასუხიმგებელ პირს მოეთხოვება პასუხი კითხვაზე, რატომ არასოდეს არ დაფინანსდა საქართველოში ერთადერთი ტერმინოლოგიის განყოფილების მიერ წარმოდგენილი არცერთი პროექტი (8 პროექტი), რომლებშიც მხოლოდ ტერმინოლოგიური სამუშაოს გაგრძელებას(!) ვითხოვდით (ალბათ ვერ წერთო, თუ იფიქრებთ, გიპასუხებთ, ხან ნახევარი ქულა დაგვაკლდა, ხანაც – ერთი).

აქვს თუ არა გაცნობიერებული რუსთაველის ფონდის პასუხისმგებელ პირებს ტერმინოლოგიური სამუშაოების არსი, კერძოდ ის, თუ როგორ ღუპავს ქართული ენის მომავალს ტერმინოლოგიური სიჭრელე, რასაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ერთსა და იმავე დარგში ორი და სამი ლექსიკონის არსებობა?
როცა რუსთაველის ფონდმა თავის თავზე აიღო მეცნიერების განვითარება საქართველოში, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს პასუხი კითხვაზე, რა ხდება ტერმინოლოგიაში?

ჩვენ მომავალ წელს ვატარებთ საერთაშორისო კონფერენციას, უკვე მრავალმა მეცნიერმა გამოთქვა სურვილი საქართველოში ჩამოსვლისა და ამას მხოლოდ ანას მსგავსი ადამიანების გვერდით დგომით ვბედავთ.”