13 დეკემბერი, 2017

“ნეტა ცოცხლებმა მივაღწიოთ სიკვდილამდე”

– ზოგჯერ ვერ ვხვდებით, ისე ვანგრევთ და ვერ ვხვდებით, როგორ ვხოცავთ. აი ასე, გაივლი მშვიდად, და არც კი ფიქრობ, რომ უკან გვამები დატოვე, – ამბობს მწერალი ლია ლიქოკელი და მკითხველს მეტ დაფიქრებას სთხოვს:

“იტყვი რამეს, და არც გადარდებს, რომ ვიღაცას პირდაპირ გულში მოხვდა ან შუბლი გაუხვრიტა შენმა ნათქვამმა სულაც ვინმე უცხო იყოს, შენ უბრალოდ ქვასავით გადააგდე ორი სიტყვა და იმას კიდევ მეწყერად დაეცა.

რატომ ვართ ასე სასტიკები. მათთან მაინც, ვისაც უბრალოდ ვუყვარვართ, სხვა კი არაფერი დაუშავებია.

რატომ არ გვახსოვს, რომ ყველაფერს მოფრთხილება ჭირდება.

რამდენჯერ მითქვამს: მომიფრთხილდი. ეცინებათ ხოლმე და აღარ ვამბობ.

არადა, დროებითია ყველაფერი. ჩვენი სიყვარულიც და ჩვენი ძალაც, გავძლოთ.

ჰოდა, ასეთია ჩემი მძიმე დღეების ქრონიკა. ერთად ვტირი სხვების სისასტიკესაც და ჩემსასაც.

ნეტა როგორმე არ დავიხოცოთ, სანამ მართლა დავიხოცებით. ნეტა ცოცხლებმა მივაღწიოთ სიკვდილამდე.”