15 დეკემბერი, 2017

ჯანსუღ ჩარკვიანის ყველაზე სამართლიანი შეფასება

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი თავისი ლექსებით ამბობდა მთავარ სათქმელს და პირდაპირობისთვის უყვარდა საზოგადოებას.

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ თუ ვინ არის თბილისელი და ვინ – სოფლელი. ამის შესახებაც ჰქონდა თავისი მოსაზრება პოეტს.

“არტ ინფო” გთავაზობთ ჯანსუღ ჩარკვიანის შეხედულებას თბილისელობასთან დაკავშირებით:

“თბილისელობა” ბევრს აღიზიანებს, აღიზიანებს იმას, ვისაც თბილისელობა პროფესია და პრივილეგია ჰგონია, არ აღიზიანებს იმას, ვინც იცის, რომ თბილისელობა მოვალეობა და დიდი ტვირთია.

თბილისი დედაქალაქია და არა მბრძანებელთა ცენტრი, ქაჯსა და გოიმს ბევრი რამ აღიზიანებს.

პროვინციალიზმს პროვინციასთან შემხები წერტილი არა აქვს, ასე რომ იყოს, ყველაზე მეტად პროვინციალიზმის სენით დიდი ილია ჭავჭავაძე იქნებოდა დაავადებული, კიდევ საჩხერელი აკაკი წერეთელი, ჩარგლელი ვაჟა ფშაველა, ჭყვიშელი გალაკტიონ ტაბიძე და ბევრი სხვა გამოჩენილი პიროვნება. პროვინციალიზმია, სადაც ცხოვრობ იმ ქალაქის საზოგადოების წევრი რომ ვერ გახდები, პროვინციალიზმია, გძულდეს ის ქალაქი, რომელშიც ცხოვრობ, აი, ვის აღიზიანებს სიტყვა “თბილისელი”.

მიხარია, როცა მეტყვიან, ჯანსუღ, ქუთაისელები ჩამოვიდნენ, ბათუმლები გვეწვივნენ, თელავიდან მობრძანდნენ, ფოთელები დაგვხვდნენ, სოხუმელებმა პატივი გვცესო.

ქაჯი ვერ მიხვდება, რომ თბილისი პატარა საქართველოა, როცა აკადემიკოსი რეზო სალუქვაძე სოხუმში სათავეში ჩაუდგა ვეება ინსტიტუტს, რა, ვერ გახდა სოხუმელი, ვერ გახდა იმ ქალაქის საზოგადოების წევრი?

რატომ არ აღიზიანებს გამოჩენილ ქართველ მსახიობს დიმა ჯაიანს თბილისელობა? – ცუდი სოხუმელი იყო გოგი ქავთარაძე? ოთარ მამფორიას ვინმემ უთხრა თბილისში, შენ ქუთაისელი პოეტი ხარო? თუ “თბილისის” სიმღერის გენიალურ ავტორს, რევაზ ლაღიძეს ადარდებდა, რომ პროვინციაში დაიბადა?

კვლავ ვიმეორებ, ნაღდ ქუთაისელს თბილისელი არ აღიზიანებს, ნაღდ ბათუმელს თბილისელი არ აღიზიანებს, თბილისელი აღიზიანებს პროვინციალიზმით შეპყრობილ ქაჯს, ხოლო ასეთი ქაჯი თბილისშიც ცხოვრობს და ზუგდიდშიც, ბათუმშიც და რუსთავშიც.”