21 დეკემბერი, 2017

გათავისუფლდით სტრესისგან ორიგინალური ნახატებით

ბოსტონში გახსნილია გამოფენა, სადაც სტრესისგან გადაღლილი დამთვალიერებლებისთვის სპეციალური ნახატებია ექსპონირებული.

გამოფენის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ მარკ როტკოს ნამუშევრები საუკეთესო საშუალებაა უარყოფითი ემოციებისა და სტრესისგან გასათავისუფლებლად. საკმარისია დამთვალიერებელი მხატვრის ნებისმიერ ნამუშევართან ერთი წუთი გაჩერდეს, რომ ის შვებას აუცილებლად იგრძნობს.

“ჩემი მხატვრობა არ არის აბსტრაქტული, ის ცხოვრობს და სუნთქავს,” – ირწმუნებოდა მხატვარი, რომელმაც ნამდვილი რევოლუცია მოახდინა აბსტრაქტულ მხატვრობაში.

“არაფერი არ უნდა იდგეს ჩემს ფერწერასა და დამთვალიერებელს შორის,” – ამბობდა მხატვარი და მისი შემოქმედებაც სწორედ ამის დასტურია.

მხატვრის ნამუშევრებში არ არსებობს არანაირი საზღვარი, არანაირი ბარიერი, არანაირი დაბრკოლება. რაც უფრო დიდხანს უყურებ მის ნახატებს, მით უფრო მშვიდდები. დამთვალიერებელთა ნაწილისთვის როტკოს ნამუშევრები ერთგვარი პორტალებია, მეორე ნაწილისთვის კი უსაზღვრო აბსტრაქციული ნამუშევარი.

ნახატები აბსტრაქტული ექსპრესიონიზმია. მათში მთავარია ნათელი და კაშკაშა ფერები. სხვადასხვა ფერის კვადრატები თითქოს აჰიპნოზებს დამთვალიერებელს და სტრესისგან ათავისუფლებს.