29 დეკემბერი, 2017

დავით შემოქმედელი: “ამ ჩემს ცრემლგულ აღსარებას დღეს შენ განდობ, მკითხველო…”

პოეტი და მწერალი დავით შემოქმედელი აღსარება-მანიფესტს აქვეყნებს, რომელსაც ახალგაზრდობას უძღვნის:

“ჩემი შვილი ანტიმამა, ჩემი ცოლი – ანტიმე,
აი, ყოფის შავი დრამა, აი, ფიქრი: – ვაიმე!
საყვარელი სიზმრებს წაჰყვა, ახლა ვიცი, სხვისია,
გულმა მწარედ რეჩხი მიყო, ქარს მიჰყვება ნისია
წლები, წლები ნაავდრალი, ლექსებს შეფარებული,
სულ პოეტი… სულ აბდალი… და სულ შეყვარებული.
ზეცა – სულის გუმბათი და მიწა – ხორცის საყდარი,
სოფლის გზაზე მოხუც დედის სილუეტი გამხდარი.
გზა დამზრალი, დაზაფრული, ზამთარიც მიილია,
აქეთ თუ ძგერს გაზაფხული, იქით სულ სიკვდილია.
ჩაათავებ სტიქონ-სტრიქონ აღსარებას ლექსებად,
მოძალადე ქალის დარად მუზა აღარ გეშვება.
გაპატიეს ღალატი და ერთგულება არაფრით,
და თავს ირთობ სხვენს შერჩენილ ორნახადი არაყით.
სისხლს გიხელებს დეკოლტე და თეთრი მუხლისთავები,
ბერდები და ცხელ ალმურში მერამდენედ გაები.
ჰოკუსხელა თინეიჯრის ბღინძვამ მწარედ გაცინა,
მოინელებს საქართველოს ეიჯიზმის ბაცილა.
რის პეონი, ამფიბრაქი ანდა თუნდაც დაქტილი,
სტრიქონს ახრჩობს ლექსის ყელში კოჭლი რითმა გაჩრილი.
ხეიბარი არც სამშობლო, აღარც ლექსი არ მინდა,
ზედაზენზე ჟინჟლავ, ცავ, თუ სამოთხეში გაწვიმდა.
ვერლიბრი თუ კლასიკა? ობი ადევს ამ ბოდვებს,
ნეტა მეტი სადაო საქართველოს არ ჰქონდეს.
შენი წიგნი თაროზე თვლემს, ჭია ხრავს და იცინის…
ლექსს რომ შოუ ურჩევნიათ, შენი მკვლელი ისინი.
ლექსში უნდა დაიბადო, ლექსში უნდა გათავდე,
და ვინც უნდათ ნომრონ მერე პირველიდან ათამდე.
ვისზეც უნდა დაიყვირონ: – “შედევრია”! … “გენია”! …
მას ვერავინ მიიტაცებს, რაც უცილოდ შენია.
ნელა-ნელა მიშუშდება გასისხლული მყესები,
მოდის ახალგაზრდობა, ლოდს რომ დაგლეჯს ლექსებით.
ადრე არის თქვენს თვალზე ბინდის დაკვრა ჯერ ლიბრის,
მჯერა თქვენი რითმის და მჯერა თქვენი ვერლიბრის.
რა უჩუმრად გტოვებენ შევერცხლილი მამები,
მიწას უერთდებიან ზეცას შესართავები …
ვაზის ფესვი, ლერწა რტო ერთად ამოვთავთავდით,
თქვენ ხმაურში იზრდებით, ჩვენ დუმილში გავთავდით.
უცხუმოდ და უმაჩაბლოდ აღარც ვღირვარ ცოცხალი,
ან სამშობლო დამიბრუნეთ, ან მეც მათთან მომკალით.
სხვაზე მეტად ცოდვილი და სხვაზე მეტად წმინდანი,
თავს იმდენგზის ვაკვირდები, ბოლოს ვეღარ ვიცანი.
არა ცოლო, არა შვილო, არც კოჯრის ცავ, შიშველო,
ამ ჩემს ცრემლგულ აღსარებას დღეს შენ განდობ, მკითხველო…”