20 დეკემბერი, 2017

“შეცდომის დაშვება არ შეიძლება”

აცხადებს მწერალი ლაშა ბუღაძე და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წარდგენასთან დაკავშირებულ თემას ეხმაურება:

“ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა უდიდესი ევროპული პლატფორმაა საქართველოსთვის და ქართული ლიტერატურისთვის – საქართველო წლებია ელის თავისი ათასხუთასწლოვანი ლიტერატურის წარდგენის ამ დიდ შესაძლებლობას. ეს იქნება ისტორიული დანაშაული, თუკი ქართული ლიტერატურა მისი მნიშვნელობისთვის შესაბამისი ხარისხით, პასუხისმგებლობით და მასშტაბის გააზრებით არ იქნება წარმოდგენილი.

მინისტრები და ჩინოვნიკები წავლენ და წამოვლენ, ქართული ლიტერატურა კი მუდმივ და აქტუალურ ღირებულებად დარჩება. ამიტომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი და ისტორიული საქმე ჩინოვნიკურ იწილო-ბიწილოს არ უნდა გადაყვეს.

არავის აქვს უფლება, რომ ქართულ ლიტერატურაზე მაღლა დააყენოს თავი. თუკი რაიმე მართლაც ღირებული შექმნილა და იქნება საქართველოში, ეს უპირველეს ყოვლისა მისი ლიტერატურაა – ხუცესის ტექსტით დაწყებული და დღევანდელი ლიტერატურით დასრულებული. საქართველოს პოპულარიზაციისთვის და ავტორიტეტის ამაღლებისათვის კი ფრანკფურტის ბაზრობა უმნიშვნელოვანესია.

საქართველო – კულტურის კუთხით – ყურდაღების აქამდე არნახულ ეპიცენტრში მოექცევა. ყურადღებით იქნება საქართველოს დისკრედიტაციის მთავარი მოსურნეც – რუსეთი, რომელსაც საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ მისთვის ჩვეული პროპაგანდისტულ-ფინანსური მეთოდებით დააკნინოს საქართველოს მნიშვნელობა.

ჩვენგან განსხვავებით ისინი კი არიან ყოველთვის მობილიზებულები. ამიტომ გთხოვთ ყველას – ყურადღებით, ადეკვატურობით, პასუხისმგებლობით და სათუთად მოვეკიდოთ ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტისთვის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ საქმეს. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე – ჩვენს უკან რუსთაველი, გურამიშვილი, ვაჟა, გალაკტიონი, მიხეილ ჯავახიშვილი და კიდევ მრავალი და მრავალი გენიოსია, რომელნიც საუკუნეები და ათწლეულები ელოდნენ გეოგრაფიულ-ესთეტიკური საზღვრების გარღვევასა და მასშტაბების გაფართოებას.

ფრანკფურტის ბაზრობა შესაძლებლობაა თანამედროვე ავტორებისთვის, რომ ისინი ისევე არ მოწყდნენ გლობალურ ლიტერატურულ პროცესებს, როგორც ეს საბჭოთა პერიოდში მოხდა – როცა ქართულ ლიტერატურასა და დანარჩენ “ლიტერატურულ” (და არა მხოლოდ ლიტერატურულ) მსოფლიოს შორის “რკინის ფარდა” იყო დაშვებული.

ასე რომ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა და ისტორიული პასუხისმგებლობის, გნებავთ, ფუნქციის ჯეროვანი გააზრება. ამ გზაზე შეცდომის დაშვება არ შეიძლება.”