31 დეკემბერი, 2017

უნიკალური მასალები საქართველოზე ელისაბედ I-ის დოკუმენტებში

ისტორიკოსი გიორგი კალანდია ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკაში მიკვლეულ უნიკალურ მასალებზე მუშაობას აგრძელებს:

“დავასრულეთ მუშაობა წიგნზე “ერეკლე მეფე ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში”, ფონდ “ქართუს” თანადგომით მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე მომზადებული ნაშრომი უკვე გამოიცა.

წიგნის პრეზენტაცია გაზაფხულზე ხელოვნების სასახლეში გაიმართება, მანამდე კი არ ვჩერდებით და მუშაობას ვაგრძელებთ ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკიდან ჩამოტანილ ახალ საარქივო დოკუმენტებზე.

ჰოდა, მართლაც რომ უნიკალური მასალებია, ალბათ ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ ელისაბედ I-ის სამეფო კანცელარიის დოკუმენტებში საქართველო მოიხსენიება, ამ პერიოდის ინგლისელმა დიპლომატებმა ჩვენი ქვეყნის შესახებ იციან და უფრო მეტიც, როგორც ჩანს, კარგად იცნობენ კიდეც ჩვენს ბრძოლას სპარსელთა წინააღმდეგ!

წყაროების უმეტესობა მე-16 საუკუნით თარიღდება, სამეფო კანცელარიაში ცნობები გროვდებოდა და გადაეცემოდა ინგლისის სახელმწიფოს უმაღლეს პირებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ინგლისისა და ირლანდიის დედოფალს ელისაბედს!

ასე რომ, მალე ახალი ნაშრომით მოგიყვებით ახალ დღემდე უცნობ ისტორიას, ანუ “ცნობები საქართველოს შესახებ ბრიტანეთის მონარქთა სამეფო კანცელარიიდან”. როგორც კი საშუალება მექნება დროდადრო თარგმნილ და მეცნიერულად დამუშავებულ ცნობებს ჟურნალ “ისტორიანში” გამოვაქვეყნებ.

ვიცი ცნობების გამოქვეყნება ბევრს გაახარებს, ზოგი კი უმიზეზოდ გაგვაკრიტიკებს, დაახლოებით ისე, როგორც ერეკლეს შემთხვევაში იყო, მაშინ ერთი “ისტორიკოსი” ჯერ კიდევ გამოუცემელი და წაუკითხავი წიგნის შინაარსს გვიწუნებდა… თუმცა ეგეთები არ გვაშინებს, პირიქით გვაძლიერებს!”