22 დეკემბერი, 2017

ულამაზესი ტაძარი სავალალო მდგომარეობაშია

მატნის წმინდა გიორგის „გუმბათიანი“ ტაძარი სავალალო მდგომარეობაშია.

ინფორმაციას ელდარ ჭიჭიაშვილი ავრცელებს:

“ეკლესია მდებარეობს სოფელ მატნის, მარილისის მხარის ჩრდილოეთით, 7-8 კილომეტრისის მანძილზე, მატანი-ხევისჭალის დამაკავშირებელი გზის მარცხნივ, ტყით დაფარულ, ძნელად მისადგომ მაღლობზე. ნაშენებია რიყის ქვით, მოსაპირკეთებლად გამოყენებულია შირიმის ქვის კვადრები და ფილები. სავარაუდოდ, ტაძარი მე-10 საუკუნისაა, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ უფრო ძველი (მე-7, მე-8 საუკუნეები) უნდა იყოს. ტაძრის გარშემო, საკმაოდ დიდ ფართობზე, განფენილია ნაწილობრივ ან მთლიანად მიწით დაფარული უამრავი ქვიტკირის ნანგრევი და ნასახლარი, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ აქ იყო მჭიდროდ დასახლებული ადმინისტრაციული ცენტრი. თვით მატიანეც მიანიშნებს, რომ კახეთის საერისთავოებად დაყოფისას, ერთ-ერთი ადმინისტარციული ცენტრი, პანკელის ციხესთან ერთად, იყო მარილისიც.

ტაძარი საკმაოდ კარგად არის შემონახული. გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია, მაგრამ დღეს იგი სავალალო მდგომარეობაშია – სახურავიდან ჩამოყრილია კრამიტი, წვიმისა და თოვლის წყლისგან კედლები და გუმბათის კამარები დარღვეულია და იქმნება საშიშროება, ჩამოინგრეს. ძეგლი მოითხოვს გადაუდებელ რესტავრაციას.”