28 დეკემბერი, 2017

ნაირა გელაშვილი: “პირადად ბოდიშს ვიხდი”

ამბობს მწერალი ნაირა გელაშვილი და საგანგებო მიმართვას ავრცელებს:

“ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო შინაგან საქმეთა მინისტრო, ბატონო ბიძინა ივ..

უპირველეს ყოვლისა, თქვენი დამსახურებაა მთელს ქვეყანაში გამეფებული უპატრონობის ატმოსფერო, რომელსაც თქვენ ვეღარ გრძნობთ, რადგან სახელისუფლო შენობებს სქელი კედლები აქვთ და ხალხის ვაებისა და პროტესტის ხმებს ტრადიციულად ცუდად ატარებს.

(ბატონო ბიძინა, თქვენ კი ალბათ თქვენს მიერ ამოთხრილი და თქვენს ბაღში გადანერგილი გიგანტური ხეების ხეივანი გიჩრდილავთ მზერას).

ჩვენ კი უკვე ვყვირით დიდი ხანია, გიძახით, გამხელთ, გაკრიტიკებთ, რათა რაიმენაირად გამოგარკვიოთ და თქვენი მაღალი მზერა ადამიანთა მზარდი უბედურებისაკენ მივაპყროთ. მაგრამ ამაოდ.

მთელი წლებია გრძელდება და მატულობს:

ადამიანთა გაღატაკება, უმუშევრობა, უსახლ-კაროდ და უმიწაწყლოდ დარჩენა, სრულიად დაუცველი მეშახტეებისა და მშენებლების უწყვეტად დაღუპვა; ადამიანების, პირველ რიგში, ბავშვების მასობრივად დაავადება მოშხამული საკვებითა და ჰაერით;

მატულობს: გადასახადები, მანქანების ჯოჯოხეთური სიმრავლე, საგზაო კატასტროფები, მახინჯი შენობების მიერ სივრცისა და სილამაზის განადგურება; ტყეების ჭრა, ბუნების ტექნიკური გაპარტახება სრულიად დაუსაბუთებელი, საეჭვო პროექტების სახელით.

ერთი სიტყვით, განუხრელად კვდება სიცოცხლე საქართველოში, კვდება საქართველო თავის მოქალაქეებთან ერთად და თქვენ ვერცერთ პრობლემას ვერ ჭრით, გარდა (თუ არ ვცდები) საყოველთაო სამედიცინო დაზღვევისა და ციხეების მდგომარეობის გაუმჯობესებისა.

შეიძლება, რაღაც სხვა პატარ-პატარა პრობლემებსაც აგვარებთ, მაგრამ ესენი ერთმანეთთან დაუკავშირებელი უჯრედებია ქვეყნის მომაკვდავ სხეულზე, კვდომის პროცესს რომ ვერ აჩერებენ.

თქვენ ვერ აღასრულეთ მთავარი რამ: მართლმსაჯულება! და არა თუ არ გაწმინდეთ ხელისუფლება, ძალოვანი სტრუქტურები სააკაშვილის ჯალათებისაგან, ყველა ჯურის მოძალადეებისაგან, მანიაკალური მწამებლებისა და მკვლელებისაგან (რომლებიც ახლაც ვანო მერაბიშვილს მისტირიან), არამედ მათთან თანამშრომლობა მიიჩნიეთ ქვეყნის გადარჩენის გზად და მოქალაქეებსაც აქეთკენ მოუწოდეთ!

ამით დაასამარეთ წესიერებისა და ადამიანურობის ყველა საფუძველი! და თევზი არასოდეს ყროლდება კუდიდან.

თქვენ საბოლოოდ ჩაკალით უმთავრესი რამ: განათლება, რადგან წარმოდგენა არა გაქვთ, რა არის იგი და არ იცით, როგორი ადამიანი გინდა მიიღოთ განათლების შედეგად, თუკი საერთოდ გინდათ ადამიანის მიღება (ამას განათლების ყველა ბოლოსწინა მინისტრი აჩვენებდა);

თქვენ ვერ იცავთ ქვეყნის საზღვრებს და არ იცით, ვინ რა მიზნით შემოდის და აქ რას აკეთებს. ვერ აკონტროლებთ უცხოელებისა თუ ადგილობრივების საქმიანობის მთელ რიგ საშიშ სეგმენტებს.

და აი, ასეთ ვითარებაში ცხოვრების მოწესრიგების ფუნდამენტურ საშუალებად „რეიდები“ მიიჩნიეთ, რომლებიც, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველივე წუთებში სადამსჯელო ოპერაციებად იქცა: მათ ისე, როგორც ყოველთვის, ანუ როგორც საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სინამდვილეში, ფეხქვეშ გათელეს საუკუნეთა მანძილზე ადამიანების მიერ შემუშავებული ღირსების კოდექსი, ეთიკის ნიუანსები, ურომლისოდაც ცხოვრება საზიზღარია და არ ღირს.

რადგან: ვინ აღასრულებს ამ „რეიდებს“? განა ის მილიცია თუ პოლიცია არა, რომელთა რიგებიც არასოდეს განწმენდილა ჩლუნგი და აგრესიული მუშაკებისაგან, სერიული მკვლელებისაგან?!

გვიპასუხეთ: როდის და როგორ გაწმინდეთ პოლიცია ან სპეცსამსახურები იმ სისხლმოწყურებული მანიაკებისაგან, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ პატიმრებს კოლექტიურად აუპატიურებდნენ, აწამებდნენ, ყველა საშუალებით ამცირებდნენ, ამსხვრევდნენ და ნაგავივით ყრიდნენ გარეთ?!

და რაკი არ გაგიწმენდიათ, არ გადაგიმზადებიათ, არ მიგიციათ ახალი ცოდნა, არ აღგიჭურვიათ იმ მაღალი შეგნებით, რომ ისინი უპირველეს ღირებულებას – სამართალს, კანონიერებას, საზოგადოების უსაფრთხოებას ემსახურებიან – მაშ, როგორ აძლევთ ასეთ ხალხს ხელში იარაღს და როგორ ავალებთ „წესრიგის დაცვას“?

და განა არ იცით, რომ საბჭოთა მილიციის მემკვიდრე, მოჩვენებითი სახელმწიფოს მოჩვენებითი წესიერების მოჩვენებითი დამცველი, პირველ რიგში უდანაშაულო, უმწეო, დაუცველ ადამიანზე იყრის ჯავრს?

მე უზომოდ მებრალება მრავალი უბოროტო, გულით კეთილი, მონდომებული პოლიციელი, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ, არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ და ყველაზე მეტად თვითონ იტანჯებიან იმ ატმოსფეროთი, სადაც მუშაობა უწევთ. ვიცნობ ასეთებსაც და ბევრი რამ სწორედ მათგან ვიცი.

2017 წლის დასასრული სისხლში და განსაკუთრებულ სისასტიკეში გაილია: სკოლის ბავშვებმა სამარცხვინო უმოწყალობით მოკლეს, დანებით დასერეს და დაჯიჯგნეს ორი სრულიად უდანაშაულო, წესიერი, საყვარელი მოზარდი. ისინი კარგად სწავლობდნენ, სიცოცხლეს შეჰხაროდნენ, მომავლისკენ მიაბიჯებდნენ, მაგრამ აი, ზამთრის ცივ მიწაში გაამწესეს თანატოლმა მკვლელებმა.

საიდან, როგორ, როდის ჩამოყალიბდნენ ეს ნორჩი ჯალათები, რომლებიც, როგორც ლაჩართა უკვდავ მოდგმას შეეფერება, იარაღდებიან და ჯგუფურად ესხმიან თავს უიარაღო, უდანაშაულო ბავშვებს? ვინ არიან მათი მშობლები, მასწავლებლები, ვის ბაძავენ ისინი? აი, ეს კითხვები ტრიალებდა იმ დღეებში.

ვის ბაძავენ და მთელ ქვეყანას ბაძავენ, მეგობრებო, მთელ ქვეყანას! ბაძავენ ხელისუფლებაში მყოფ ბანდიტებს; ბაძავენ ბანკირებს, რომლებიც იარაღის გარეშე ხოცავენ ხალხს, ართმევენ სახლ-კარსა და მიწა-წყალს; ბაძავენ კაპიტალისტებს, რომლებიც სიკვდილისკენ მიერეკებიან მშრომელ ადამიანებს შახტებში და მშენებლობებზე;

და: ბაძავენ „პოლიციელებს“ – ჯგუფურად რომ ესხმიან თავს შეუიარაღებელ, უდანაშაულო, დაუცველ ადამიანს! (რადგან ადამიანი, პირველ რიგში კი ბავშვი, მთელი არსებით შეიწოვს ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება).

დიახ, ჩვენ მალევე მოგვეცა ვიზუალური (თუმცა, დიდი ხნიდან ცნობილი) პასუხი, თუ ვის ბაძავენ ლაჩარი და მკვლელი ბიჭები: რომლებსაც არც კი გაუგიათ, რა იყო და არის მამაკაცური ღირსების კოდექსი:

რომ ერთს ორი, მით უმეტეს, ათი არ უნდა შეებრძოლოს; რომ იარაღიანი უიარაღოს არ ებრძვის (თუ ბრძოლისას ერთს იარაღი ხელიდან გაუვარდა, მეორემ უნდა მიაწოდოს, ან დააცადოს, თავად აიღოს); უფრო ძლიერი უფრო სუსტს არ უნდა შეებას; ტყვე არ უნდა დაჩაგრო; რომ ქალი, ბავშვი და მოხუცი უნდა დაიცვა და ა.შ. რაც ურყევი ჭეშმარიტება იყო ჩვენთვის, საბჭოთა ბავშვებისათვის მაგალითად, ქუჩაში წარმოშობილი კონფლიქტების დროს ქალაქად თუ სოფლად. და ეს ფოლკლორით, ლიტერატურით, თეატრითა თუ კინოთი განმტკიცებული პირველადი, „არქეტიპული“ შეხედულებები ღირსების შესახებ დიდხანს უწევდა მედგარ წინააღმდეგობას ბოლშევიკების ყველაფრისმკადრებლობასა და მათი პოლიციის უგვანო საქციელს.

ახლა კი, აბა, ვინ ეტყვის იმ „ბავშვებს“, რომლებსაც „სამი მუშკეტერი“ თუ „შესანიშნავი შვიდეულიც“ არ ექნებათ ნანახი, რომლებსაც ვაჟა-ფშაველას პოემებიც არ ექნებათ გადაფურცლული, და ალბათ ყოველგვარი იდეისაგან დაცლილი ინტერნეტ-საზრდოთი, ან ვანოს, ნანუკასა თუ მაკას შოუებითა და სხვა მსგავსი ბალასტით „ბოლდებიან“, რომ ამქვეყნად ღირსებაა მთავარი, და სწორედ მებრძოლი კაცები ქმნიდნენ საბრძოლო ღირსების კოდექსს, იქნებოდა ეს სამურაებისა თუ კავკასიელი რაინდების ქცევის ნორმები.

და ეს რვა პოლიციელი, პოეტ ზვიად რატიანს რომ დაესხნენ თავს, ზუსტად იმ მკვლელი ბავშვების დონეზე არიან დარჩენილები, რომლებიც, სავარაუდოდ, ყველანაირი ტყუილებით თავდახსნილები, რომ გაიზრდებიან, ალბათ პოლიციის რიგებს შეავსებენ.

და სიმბოლურია, რომ ასე სამარცხვინოდ და სასტიკად სწორედ პოეტს გაუწორდნენ, რადგან სწორედ პოეზიაა ადამიანის გადაგვარების ყველაზე მგრძნობიარე მაფიქსირებელი, მისი ყველაზე ძლიერი და ემოციური მამხილებელი, რადგან თავისი უფრო მაღალი მგრძნობელობის გამო სწორედ პოეტი იტანჯება ყველაზე მეტად ამქვეყნიური სიტლანქითა და მუხანათობით (ბესიკ ხარანაულის ქრესტომათიული სტრიქონი: „ერთი ცრემლით მეტი ვარ თქვენზე“).

და როგორ სწრაფად, მაგრამ უნიჭოდ დაიქოქა სახელისუფლო სიცრუის ტელემანქანა და როგორ ისევ გაბასრდა დროდადრო მიძინებული განცდა: რომ ეს ხომ ნაცნობია! ეს ხომ სულ იყო! ეს ხომ ის კოშმარული სიზმარია, რომელშიც ოდესღაც გავებით და ვერაფრით ვეღარ ვიღვიძებთ!

მსხვერპლი – რვა შეიარაღებული პოლიციელის მიერ ნაცემ-ნაბეგვი, დასისხლიანებულ-ნაჟეჟი, ყურგაგლეჯილი, ჯანმრთელობაშერყეული ადამიანი – გამოიყვანეს დამნაშავედ, თავდამსხმელად და სასამართლოში წარადგინეს! თურმე ამ ერთმა დაჩაგრა რვა შეიარაღებული „წესრიგის დამცველი“!

მსგავსი რამ პირველად არ მომხდარა. მხოლოდ შემოქმედი ხალხი რომ გავიხსენოთ: 2015 წლის 25 დეკემბერს მწერალი, პოლიტოლოგი, სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც სხვებთან ერთად აპროტესტებდა სანდრო გირგვლიანის საქმის გაყალბებასთან ასოცირებული ბატონი მურუსიძის დაწინაურებას, სასამართლოს შენობიდან გამოვარდნილმა პოლიციელების ჯგუფმა დაუნდობლად სცემა! მას სერიოზულად (დარწმუნებული ვარ: განზრახ) შეურყიეს ისედაც პრობლემური ჯანმრთელობა, რის შედეგებსაც ის დღემდე იმკის. და მერე, როგორც დამნაშავე სასამართლოში წარადგინეს და დააჯარიმეს!

და ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით ამუშავებული, სამარცხვინო ტყუილების კასკადი იყო წინასწარი მხილება: რომ ზუსტად ასევე „მართალი“ და „სამართლიანი“ „რეიდი“, ასეთი „გმირობა“ განხორციელდა 19 წლის მ ძ ი ნ ა რ ე პანკისელი ბიჭის ჩაცხრილვით თავის სახლში, რომლის პირველ სართულზე მშობლებს ეძინათ და ზემო სართულზე დას. თითქოს არ შეიძლებოდა ამ ბიჭის (რომელსაც თურმე თვალები ჰქონდა ნაოპერაციები, და თავს სუსტად გრძნობდა) სადმე სხვაგან „აყვანა“! მაშ რისთვის არსებობენ „სპეცსამსახურები“, განა იმისთვის არა, რომ (აფრასიძეების ამოწყვეტის არ იყოს) ასეთი „არაკაცური“, ასეთი ყასბური ოპერაციები ავირიდოთ თავიდან?

და ღმერთო, ვინ გააჩერებს, ვინ გამოხსნის ახლა ამ განწირული ბიჭის წინააღმდეგ მიხლართულ-მოხლართულ ბრალდებებს?

და როგორ იგრძნობა ამ „ოპერაციის“ მიღმა იმ კაცების მოდგმა, რომელსაც ჩეჩენი ხალხის ენით აღუწერელი ტრაგედია არც გაუგია და არც განუცდია! არც ის გაუგია, რომ თუ მოქალაქეთა ნაწილს უცხო ძალები თავგზას უბნევენ და მცდარ გზაზე აყენებენ, ეს, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების ბრალია, ხელისუფლებისა, რომელსაც პრინციპში ფეხებზე ჰკიდია თავისი ხალხი და რომლის დიდი ნაწილიც ფულს აკეთებს ყველაფრით, რითაც ფულის კეთება შეიძლება.

როგორ, ნუთუ არაფერს არ უნდა გეუბნებოდეს, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთმა ორი ომი დაატეხა თავს ამ ერთი მუჭა, ნატანჯ-ნაგვემ, მამაც ხალხს, როგორც ამბობენ, ყველანაირი იარაღი გამოიყენა და „ხალიჩისებრი“ დაბომბვებით მიწასთან გაასწორა მთელი ქვეყანა?! არ უნდა გახსოვდეს, მრავალი ათასი ბავშვი სარდაფებში რომ ჩამარხა, სოფლები გადაწვა და ხალხი აწამა? ერთი წუთით ვერ უნდა წარმოიდგინო, რა ხდება ამ ხალხის გულში?

კარგი, ბატონო, შენც უძლური ხარ და ვერაფრით ეხმარები მეზობელ კავკასიელ ხალხს. შენი მხრიდან მაინც ნუღარ უმატებ, შე დალოცვილო! საქართველოში შემოხიზნულ ჩეჩენ ლტოვილებს სიცოცხლეს უმწარებდა სწორედ ქართული პოლიცია. ქუჩაში იჭერდნენ თავმოყვარე ბიჭებს, კაცებს, ქალებს და პოლიციაში მიათრევდნენ, ფულსა სძალავდნენ და ამცირებდნენ! უკვე საზღვრის გადმოკვეთისას სძალავდნენ ფულს! რამდენი ახალგაზრდა ლტოლვილი ბიჭი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ალბათ დაიჭირეს და რუსეთს გადასცეს! რადგან თუ ლადო ჭანტურიას სასამართლომ (კერძოდ, მოსამართლე ნინო გვენეტაძემ) პირი მოგვწმინდა და უარი განუცხადა რუსეთს ლტოლვილი ჩეჩნების ექსტრადაციაზე, სააკაშვილმა (როგორც ახლანდელმა ხელისუფლებამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი) ცხვრებივით გადასცა ლტოლვილი კაცები, რომლებსაც წარმოუდგენელი წამება ელოდათ რუსეთის ციხეებში და რომლებიც იხვეწებოდნენ, აქ დაგვხოცეთ, ოღონდ იმათ ხელშო ნუ ჩაგვაგდებთო!

დიახ, პოლიცია და ხელისუფლება არის მამაკაცური ღირსების კოდექსის (ადამიანის უფლებები და სხვა თანამედროვე სამართლებრივი ნორმები რომ არ ვახსენოთ) მუდმივი გამქელავი! ნეტავ ვისთვის წერდა ვაჟა-ფშაველა: „დღეს სტუმარი ხარ შენ ჩემი, თუნდ ზღვა გემართოს სისხლისაო“! (საწყალი ვაჟა, საწყალი ილია ამ უგვანო ხალხის ხელში!)

ორჯერ წარვადგინე შევარდნაძის დროს დაწვრილებითი გეგმა, თუ რა უნდა გაკეთებულიყო პანკისის ხეობაში იმისათვის, რომ იქაური და არა მხოლოდ იქაური, ახალგაზრდებისათვის მოგვევლო, მოღვაწეობის სარბიელი მიგვეცა, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაგვერთო, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებებს არც ქართველი ახალგაზრდობა აინტერესებთ და არც არაქართველი, გადახედეთ მათ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შემოსავლებს, და მიხვდებით, რაც აღელვებთ.

და რას ემსახურება ახლა აი, ა ს ე თ ი, განახლებული „რეიდები“? იმისდა მიუხედავად რას ფიქრობენ მათი ავტორები (შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ), ა ს ე თ ი რეიდები ემსახურება: სამოქალაქო არეულობას, ქაოსს, ისედაც დაშლილი საზოგადოების უარეს ფრაგმენტაციას, ქვეყნისა და ხალხის ძარცვიდან ყურადღების სხვაგან გადატანას.

ხოლო ჩვენი ხალხის ორგანული ნაწილის – პანკისის მოსახლეობის ეს სამართლებრივად გაუგებარი, ზნეობრივად სამარცხვინო (მძინარე ბიჭისთვის შუბლში ტყვიის დაჭედება, ქალებისა და ბავშვებისათვის თავზარის დაცემა!) და პოლიტიკურად ძალიან სახიფათო რეგულარული დაწიოკებები ძალიან წააგავს სამოქალაქო ომის გაჩაღების მცდელობას, რომლის დამკვეთადაც ვისაც გინდათ იმას წარმოიდგენს თანამედროვე ადამიანი: იარაღით მოვაჭრე ტრანსნაციონალური კომპანიებიდან დაწყებული, რომელიმე ახლო ან შორეული სახელმწიფოს ჩათვლით, თუ ადგილობრივი, „ძალოვანი“ კაცების სიბრიყვესა და უღირსობას გამოვრიცხავთ.

მე პირადად ბოდიშს ვიხდი სამარცხვინო ძალადობის ყველა მსხვერპლის წინაშე, რომ ამაზე წერის გარდა სხვა არაფერი შემიძლია.

P.S. ამ წუთას ფოსტა გავხსენი და ბერლინიდან მწერენ: „მთელი ბერლინი აღელვებულია. მართლა ასე საშინლად მოექცნენ პოეტ ზვიად რატიანს?“

ჩვენ, მწერლები, ვალდებულნი ვართ, სიმართლე ვილაპარაკოთ შინაც და გარეთაც, ასევე, ლაიფციგისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობებზედაც.”