24 დეკემბერი, 2017

“ეს არის ჩვენი პოზიცია”

აცხადებს პოეტი რატი ამაღლობელი და სამართალდამცველების მიერ კოლეგის ზვიად რატიანის ცემის ფაქტს აპროტესტებს:

“ზვიადის ეს საქმე უნდა იქცეს ყველა აქამდე საშინლად დაჩაგრული ხალხისთვის გამამხნევებელ მაგალითად და მომავალში რომ არ დაიჩაგრონ ადამიანები ქუჩაში გამოსული მოძალადეების მიერ. ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი ამბავი და ამ ამბავს ჩვენ ბოლომდე ჩავყვებით, ჩავყვებით იმიტომ, რომ ეს არ არის ერთი ადამიანის დაცვა, ეს არის საზოგადოების ფუნდამენტური უფლების დაცვა, როდესაც დაკავების შემდგომ მშვიდობიანი მოქალაქე 4 საათის განმავლობაში მორალური ზეწოლის, წნეხის და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია, აი, ამის წინააღმდეგ გამოვდივართ.

დროა, დაივიწყოთ საბჭოთა მილიციის სტალინური მეთოდები, ახლა არის 21-ე საუკუნე და სხვანაირად უნდა ებრძოლოთ კრიმინალს, სადაც მთელი საზოგადოება დაგიდგებათ გვერდში და არა აი, ამ სადისტური ფორმებით და ამ შეთითხვნებით.

ეს ის ხალხია, რომლებიც წლების მანძილზე ადამიანებს უკანონოდ უდებდა ხან იარაღს, ხან ნარკოტიკს, აი, ეს ხალხია, რომელიც სცემდა ზვიად რატიანს. მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, ფიზიკურად ის არის მაგარი ნაცემი.

ჩვენ თანმიმდევრულად, იურისტებთან კონსულტაციით, მთელი ქართული მწერლობა ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ქუჩაში გამოსული მოძალადეებისგან, რომელსაც დღეს ზურგს უმაგრებს სახელმწიფო. ეს არის ჩვენი პოზიცია და აქ ვდგევართ ბოლომდე.”