13 დეკემბერი, 2017

ერთგულებისთვის დახვრეტილი ვანიკო აბაშიძე

ვანიკო აბაშიძე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მას მეგობრობისა და ერთგულებისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯეს.

მსახიობი ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილმა გაიხსენა:

“როგორც სპეციალისტები წერენ, იგი თეატრისათვის იყო დაბადებული! მნიშვნელოვანი როლებიც შეასრულა 30-იანი წლების რუსთაველის თეატრში.

სანდრო ახმეტელს გამორჩეულად უყვარდა ვანიკო აბაშიძე და აფასებდა მის სამსახიობო ნიჭს. დამთავრებული ჰქონდა აკაკი ფაღავას სტუდია, სწავლობდა კონსერვატორიაში. როცა დააპატიმრეს, ლანჩხუთის თეატრში მოღვაწეობდა. განერიდა 1937 წლის თბილისს, მაგრამ… ყველა ბრალდებას უარყოფდა. ეს წამების ტოლფასი იყო მაშინ…

მეუღლე, ნინო ანდრონიკაშვილი გახლდათ. მეუღლის დაპატიმრებისა და დახვრეტის მერე მისი სარჩენი გახდა ოჯახი. სისხლსაც აბარებდა, ვაჟიშვილი რომ აღეზარდა. სადღა არ მუშაობდა თურმე… დოდო აბაშიძე 12-13 წლის ყოფილა მაშინ. წარმოიდგინეთ, რა წვალების ფასად დაუჯდებოდა მას, გზა რომ გაეკვლია ცხოვრებაში და ხელოვნების ასპარეზზე . იგი ხომ წლების მანძილზე ხალხის მტრის შვილად ითვლებოდა (რეაბილიტაციები 1953წლიდან დაიწყო)!

,,ხალხის მტრის შვილმა”, უზადო როლები შექმნა (,,დიდი მწვანე ველი”, ,,სურამის ციხე”, ,,ყვარყვარე”, ,,პირველი მერცხალი”, ,,ვერის უბნის მელოდიები”, “სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, ,,ბაში–აჩუკი”… იყო უნიჭიერესი, უგანათლებულესი მსახიობი. დიდი ტრაგიკოსიც და კომიკოსიც. საოცარი – მეგობრების გარემოცვაში და ძალიან ალალი, თითქმის ბავშვური სულის… სუფთა, წმინდა! ვიცი, რომ მიცვალებულთან ცუდად ხდებოდა. ამიტომ არ მივიდა მისი მეგობრების: შოთა სალუქვაძისა და… სერგოს თუ ეროსის გარდაცვალების დროს.

არაერთხელ დავაპირე შეხვედრა, მან ხომ ახმეტელის, იმ ეპოქის პერიპეტიები ზედმიწევნით კარგად იცოდა. სამწუხაროდ, ჩემი გამოისობით (დაუდევრობით) არ შედგა…

აი რას წერს ერთგან რეზო ჩხეიძე: ,,დოდო უმძიმესი უბედურების ჟამს ვიხილე, სამუდამოდ ეთხოვებოდა დედას – ნინო ანდრონიკაშვილს, შესანიშნავ მანდილოსანს, რომელმაც უხმოდ შესწირა შვილს თავისი საკმაოდ მძიმე ცხოვრება. ოდნავ თავდახრილი იდგა, მხცით მოსილი დოდო. თავით ფეხამდე შავი ეცვა და გრძელ ქართულ ხალათზე წვრილი ქამარი შემოერტყა. იმ დღეებში საოცრად დიდებული იყო, თუმცა დანამდვილებით ვიცოდი, როცა მარტო რჩებოდა, მასზე უბედური კაცი ამქვეყნად არ იყო. ასეა, ესეც ქართველი კაცის ბუნებაა.”

ნახეთ, რა მძიმე და ლამაზი პასაჟია…”