Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“სიხარულისგან ავღელდი”

8 დეკემბერი, 2017

"სიხარულისგან ავღელდი"მაშინ, როდესაც ჩვენს გარშემო ამდენი უარყოფითი მოვლენები ვითარდება, ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ძალიან სასიამოვნო ამბავს ავრცელებს:

“როცა მეგობრებთან ერთად კაფეში ყოფნისას აღმოვაჩინე, რომ საფულე თან არ მქონდა, ძალიან შევწუხდი.

ფული ჯანდაბას, იმ საბუთებსა და ბარათს რა აღადგენს-მეთქი, ეგ გავიფიქრე.

კაფედან ყველანი მეიდნისკენ დავეშვით. ბოლოს იქ ამოვიღე საფულე, რომ ტაქსის მძღოლისთვის გადამეხადა.

იქაურობა ყველამ მოვათვალიერეთ, მაგრამ ვერ ვიპოვნეთ.

მეტეხის ხიდის კუთხეში პატრულის მანქანა იდგა. გამიელვა, მოდი, ვკითხავ, იქნებ სასარგებლო რჩევა მაინც მომცენ-მეთქი.

თეო სიხარულიძესა და გიორგი ტაბატაძესთან ერთად მივედი და პოლიციელს ვკითხე, შესაძლოა, საფულე სწორედ მეიდანზე დავკარგე და რა გავაკეთო-მეთქი.

აღმაწერინეს. ისიც ვუთხარი, საფულეში რა მედო და საზეიმო გამომეტყველებით მითხრეს, თქვენი საფულე ჩვენ გვაქვს და გადმოგცემთო.

ხუმრობადაც კი აღვიქვი და ვკითხე, მათთან როგორ მოხვდა.

– ერთმა პატიოსანმა ბიჭმა – გიორგი ცისკარიშვილმა იპოვნა და ჩვენ მოგვიტანა, – მითხრა პოლიციელმა და ფურცლების პარკში ჩადებული საფულე გამომიწოდა.

სიხარულისგან ავღელდი. მადლობა როგორ გადავუხადო-მეთქი, ვკითხე მათ. მპოვნელის ნომერი არ მომცეს, მაგრამ ტელეფონით დამალაპარაკეს.

– გიორგი, მადლობას გიხდით ჩემი საფულის პოვნისთვის და თუ შეიძლება, გნახავთ, – ვუთხარი მას.

ტელეფონში ახალგაზრდა კაცის ხმა ჩამესმა:

– ის გავაკეთე, რასაც სხვები. მადლობად არ ღირს, – თქვა მან.

მომიტრიალდა პოლიციელი და მითხრა:

– ეგრეა, თბილისი პატიოსანი ხალხის ქალაქია!

მე მეგობრებთან ერთად სხვა ბარში შევედი. ვმხიარულობდით. ყველა ფიქრობდა, რომ ამის მიზეზი საფულის პოვნა იყო.

სინამდვილეში, მე ის მიხაროდა, რომ თბილისი პატიოსანი ხალხის ქალაქი იყო.”