Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სასწაული, რომელმაც ოთარ კობერიძეს ცხოვრების გზა დაანახა

17 დეკემბერი, 2017

სასწაული, რომელმაც ოთარ კობერიძეს ცხოვრების გზა დაანახა– ბარბარობის დღეს ვარ დაბადებული, რწმენა და სიყვარული მუდამ თან მდევდა. ბებია მუხრან-ბატონის ქალი იყო. პირველად 5 წლისა წამიყვანა ეკლესიაში და მასწავლა ლოცვა, პირჯვრის გადაწერა. კომუნისტები ჩემთვის არაფერს არ ნიშნავდნენ… – ამბობდა მსახიობი ოთარ კობერიძე “თავისუფლების დღიურებში”.

თავისი ხანგრძლივი – 90 წლიანი ცხოვრების მანძილზე მსახიობმა ბევრი სიხარულიც განიცადა და ბევრი გულისტკივილიც. თუმცა მისთვის განსაკუთრებული ერთი საოცარი შემთხვევა იყო:

“ჩემს ცხოვრებაში ერთი საოცარი რამ მოხდა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვარ და ბუქარესტში ვიდექით, ბრძოლის შემდეგ ორი დღე დაგვასვენეს. მოლდაველი ბიჭი იყო ჩემს ოცეულში, მან ქალაქის ერთ ეგზოტიკურ კუთხეში, ბოშების უბანში წამიყვანა. დარბოდნენ ბოშის გოგოები, ბიჭები.

გაგვღლიტეს! შემდეგ ამ ბიჭმა მითხრა, აქ ერთი მარჩიელი ცხოვრობსო და მასთან შევედით. მითხრა: გაუფრთხილდი იმ ადგილს, სადაც მამაშენი დაიღუპაო და დიდხანს იცხოვრებო. გამოვედი გაოცებული.

გავიდა ხანი, თითქმის ოცი წელი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი. 1964 წელს ბათუმში ვიყავით გადაღებაზე. წვიმიანი ამინდია და სასტუმროში ვზივარ. ჩემი ლია თბილისშია წამოსული. ქვემოდან მესმის ხმა, დოდო აბაშიძეს ეძახიან. დოდოც თბილისში იყო წასული. მთხოვა, რუსი მეგობარი ჩამოვა და იქნებ მიხედოო. ჩავედი, ვისაუზმეთ. მერე გარეთ გამოვედით და მანქანაში ჩავსხედით თუ არა, წამოვიდა წვიმა. ჩავუარეთ მწვანე კონცხის რესტორანს. უცებ მოსახვევიდან შემხვედრი მანქანა გამოხტა და მკვეთრად მომანათა სინათლე. დავიბენი, საჭე გამექცა და ხეს დავეჯახე. გონება დავკარგე.

დაღუპული ვეგონეთ. ჩამიყვანეს მორგში. ჩემს ბედზე იცვლებოდა ექიმი. ახალმა მოსულმა ჩამოიარა და შენიშნა, რომ რაღაც მიფეთქავდა. საოპერაციო არაფერი მქონდა, უბრალოდ მკერდი მქონდა დაზიანებული. მოვარდა მამაჩემის მეგობარი. მამა 1927 წელს დამეღუპა, მწვანე კონცხთან დაიხრჩო. წყლიდან ცოცხალი ამოუყვანიათ, მაგრამ ვეღარაფერი უშველიათ. როგორც მამას მეგობარმა მითხრა, თურმე ავარია იმ ადგილიდან 50 მეტრში შემემთხვა, სადაც მამა დაიღუპა. საოცრებაა!

მას შემდეგ ნათლად დავინახე ჩემი ცხოვრების გზა.”