Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თენგიზ არჩვაძის იუბილე ხელოვნების სასახლეში

15 დეკემბერი, 2017
თენგიზ არჩვაძის იუბილე ხელოვნების სასახლეში18 დეკემბერს, 16 საათზე, ხელოვნების სასახლეში საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატის, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის, თენგიზ არჩვაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში მოხდება მსახიობის ხელის ანაბეჭდის საზეიმო გახსნა, რომელსაც მსახიობის ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
ღონისძიებაზე გაიმართება პრეზენტაცია დიმიტრი ღვთისიაშვილის საავტორო წიგნის „სახალხო არტისტი – თენგიზ არჩვაძე“, რომელიც გამოჩენილი ქართველი მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო და მნიშვნელოვან ეპიზოდებს ასახავს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მსახიობს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლეს ჯილდოს „ხელოვნების ქურუმს“ გადასცემს.
თენგიზ არჩვაძემ ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა და ქართველი კინომოყვარულების ერთ-ერთ უსაყვარლეს მსახიობად იქცა. მან სხვადასხვა დროს შეასრულა მთავარი როლები ისეთ გახმაურებულ ფილმებში, როგორებიც არიან: „ხევისბერი გოჩა”, „ხევსურული ბალადა“, „მე ვხედავ მზეს“, „დათა თუთაშხია“, „ვედრება“, „ჯვარცმული კუნძული“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „ანარეკლი“, „წიგნი ფიცისა“ და მრავალი სხვა.