16 დეკემბერი, 2017

იბეჭდება პირველად

რუსუდან შარაძე გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის დღემდე უცნობ დეტალებს აქვეყნებს:

“გრიგოლ და ლენა რობაქიძეების მიერ აღებული ვალდებულებების ჩამონათვალი

(იბეჭდება პირველად)

წინა პუბლიკაციებში აღვნიშნეთ, რომ გრიგოლ რობაქიძე, 1945 წლის აპრილში, დამარცხებული ფაშისტური გერმანიიდან, მეუღლესთან და შვილობილთან ერთად, შვეიცარიაში გაიქცა. ჯერ ბაზელში გაჩერდნენ, ხოლო 1945 აგვისტოში, ჟენევაში ჩავიდნენ.

შვეიცარია მისცემდა თუ არა თავშესაფარს მოქალაქეობის არ მქონე ოჯახს, ან რამდენი ხნით შეიფარებდა, ეს არავინ იცოდა.

ჩვენს ხელთ არსებულ, ახლადაღმოჩენილ მასალებში, არის ერთი დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა – თავდაპირველად, მწერალმა პირობა დადო, რომ სასწრაფოდ მოაგროვებდა საჭირო დოკუმენტებს და დატოვებდა ქვეყანას.

კიდევ რა ვალდებულებები აიღო გრიგოლ რობაქიძემ, რათა ცოტა ხნით მაინც შეძლებოდა ჟენევაში დარჩენა, ამას ქვემოთ შეიტყობთ.

დოკუმენტი შესრულებულია ფრანგულ ენაზე.

(აქვე გეტყვით, რომ სანამ არ გამოვცემ, ასლებს არ ვაქვეყნებ, მხოლოდ, შინაარსს გაგაცნობთ.)

 

* * *

ვალდებულებები

მე, გრიგოლ რობაქიძე, მეუღლესთან – ლენა რობაქიძესთან ერთად, ვადასტურებ: ჟენევის პოლიციის ოფიცერმა მაცნობა, რომ შემიძლია, დროებით ვიცხოვრო ჟენევაში, იმ პირობით, თუ პატივისცემით მოვეპყრობი და შევასრულებ შემდეგ ვალდებულებებს:

1. შვეიცარიაში დავიცავ სტუმართმოყვარეობის ყველა წესს და თავს შევიკავებ ყველა მოქმედებისგან, რომელიც, შესაძლოა, გაგებულ იქნას, როგორც ზიანის მომტანი. განსაკუთრებით, შორს დავიჭერ თავს ნებისმიერი პოლიტიკური მოქმედებისგან და მესამე პირის სასარგებლოდ, ცნობების მოპოვებისგან.

2. შვეიცარიის ტერიტორიას არ დავტოვებ ისე, რომ ამის შესახებ, 24 საათით ადრე, არ გავაფრთხილო პოლიციის ოფიცერი.

3. ვიცხოვრებ მითითებულ მისამართზე და ჟენევის პოლიციის ოფიცრის ნებართვის გარეშე, არ შევიცვლი საცხოვრებელ ადგილს.

4. არ გავალ ჟენევის კანტონის ტერიტორიიდან პოლიციის ოფიცრის სპეციალური ნებართვის გარეშე.

5. შინ ვიქნები 22.00 საათიდან 07.00 საათამდე.

6. დაწესებულ ვადაში, დავფარავ პანსიონის ხარჯებს, არ ავიღებ ვალს და თავს შევიკავებ უაზრო დანახარჯისგან

7. გადავდგამ აქტიურ ნაბიჯებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად, მივიღო საჭირო დოკუმენტები შვეიცარიის დასატოვებლად.

8. არ გავეკარები სამხედრო ზონას.

9. არ ვივლი ბარებსა და საცეკვაო კლუბებში.

10. ყველა გარემოებაში, მოვიქცევი რაც შეიძლება თავშეკავებულად და შეუმჩნევლად.

11. არ ვაწარმოებ არავითარი მომგებიან საქმიანობს, მკაცრად შევიკავებ თავს ყველანაირი ფინანსური და სავაჭრო ოპერაციებისგან.

12. ავადმყოფობის შემთხვევაში, იმ დღესვე ვაცნობებ ექიმს.

13. ცხოვრების ყველა ხარჯს თავად გავისტუმრებ.

14. გავითვალისწინებ ყველა წესს, რომელიც მეცნობა.

15. დანახარჯის გადაუხდელობის, არასათანადოდ მოქცევის და ჩამოთვლილი წესების არშესრულების შემთხვევაში, ჩემს წინააღმდეგ მიიღებენ მკაცრ სანქციებს.

წავიკითხე და ვაწერ ხელს: გრიგოლ რობაქიძე”