14 დეკემბერი, 2017

გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის დღემდე უცნობი დეტალები

“არტ ინფო” უკვე წერდა, რომ რუსუდან შარაძემ ჟენევის სახელმწიფო არქივში გრიგოლ რობაქიძისა და მისი მეუღლის, ლენა ფიალკინას შესახებ აქამდე უცნობ დოკუმენტებს მიაგნო.

“გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის დღემდე უცნობი დეტალები” – ასე უწოდა ჩანაწერს რუსუდან შარაძემ, სადაც დაინტერესებულ საზოგადოებას ინფორმაციის ნაწილი მიაწოდა:

“ორ დოსიეში მოიპოვება რეესტრის მასალები. დეტალურ ცნობებს, სხვა დროს, როცა დაწვრილებით შევისწავლი, მაშინ მოგაწვდით. ჯერ-ჯერობით, მხოლოდ, რამდენიმე დოკუმენტზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ესენია :

გრიგოლ რობაქიძის CV;
გრიგოლ და ლენა რობაქიძეების მიერ, ჟენევაში ჩამოსვლის დროს, აღებული ვალდებულებების ჩამონათვალი;
გრიგოლ რობაქიძის გაეროს საშვი (! გასაკვირი, პირდაპირ);
ლენა რობაქიძის პირადობის დროებითი მოწმობა.

მკითხველისთვის ნათელი რომ იყოს, თუ რატომაა ეს სიახლე საინტერესო, საჭიროდ ჩავთვალე, წინათქმაში, ,,ორი სიტყვით“ გამეხსენებინა მომენტები მწერლის ცხოვრების ემიგრანტული პერიოდიდან. აქ რასაც წაიკითხავთ, გურამ და გიორგი შარაძეების მიერ, დიდი ხნის წინ მოპოვებულ და გამოქვეყნებულ მასალებს ეყდნობა. ახლადაღმოჩენილი, ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების შესახებ, უკვე შემდეგ თავებში მოგითხრობთ.

* * *

წინათქმა: გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის გარკვეული მონაკვეთები დღემდე ბურუსითაა მოცული. შესწავლას ართულებს ის ფაქტი, რომ მწერალი, უკანასკნელი 29 წლის მანძილზე, უცხოეთში მოღვაწეობდა. ამ დროის ნახევარი, თითქმის, შეუმჩნევლად გაატარა, ხოლო მისი პირადი არქივი, დღემდე, დაკარგულად ითვლება.

რობაქიძის ცხოვრების ეს პერიოდი დაემთხვა საერთაშორისო მოვლენებს, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო და მილიონობით ადამიანის ბედი უკუღმა დაატრიალეს, მათ შორის, გრიგოლის და მისი ოჯახის წევრების (ვგულისხმობ მეორე მსოფლიო ომს, მის წინარე და შემდგომ განვითარებულ ისტორიულ მოვლენებს, საბჭოთა კავშირის მონსტრად გადაქცევასა და ა.შ)

1933 წელს, მივლინებით, გერმანიაში გაემგზავრა. აღსანიშნავია, რომ წასვლის წინ, მოსკოვში, წინასწარ დათქმულ დროს, შეხვდა სერგო ორჯონიკიძეს. ჭკუაში აჯობა, თუ თავი მოიკატუნა ორჯონიკიძემ, არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ მისი პირადი თანხმობით გაემგზავრა მწერალი ოჯახით (მეუღლე და შვილობილი) და უკან აღარც დაბრუნებულა.

გერმანიაში შემოქმედებით მწვერვალზე იყო. წამყვანი გამომცემლობები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ მოიპოვებდა მისი დაბეჭდვის უფლებას. 1939 წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ამ დროს, დაუშვა საბედისწერო შეცდომა – გამოაქვეყნა ბროშურები მუსოლინსა და ჰიტლერზე. თუმცა, სიცოცხლის ბოლომდე არ აღიარებდა, რომ ეს შეცდომა იყო. მისი თქმით, ბროშურები, მხოლოდ და მხოლოდ, მეტაფიზიკურ დახასიათებებს წარმოადგენდა, რომელიც ,,ცუდად გაიგეს ატმოსფეროში ომისა“. უნდა ითქვას, რომ მსგავსი მეტაფიზიკური დახასიათებები ჰქონდა, სხვადასხვა დროს, დაწერილი ლენინზე, სტალინზე, მაგრამ არავის უფიქრია მისი ბოლშევიკობა.

ფაშისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ, უკვე გერმანიიდან დევნილმა გრიგოლ რობაქიძემ, მეუღლით და შვილობილით, შვეიცარიას შეაფარა თავი, სადაც მძიმე გზა განვლო. სიხარულით ვინ შეეგებებოდა ჰიტლერისა და მუსოლინის მიმართ თანაგრძნობაში ეჭვმიტანილს?!

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მწვერვალები და შემდგომ, ასეთი დაცემა (რაც ორი ბროშურის გამო მოუხდა), ბევრს არ რგებია წილად. თუმცა, ის გრიგოლ რობაქიძე იყო, ხოლო მისი ცხოვრება სავსე – სკანდალებით, მოშურნეობით, ბედნიერებით, იღბლითა თუ უიღბლობით, პატარა ქალიშვილის გარდაცვალებით გამოწვეული ტრაგიზმით… რა მოთვლის…”