8 ნოემბერი, 2017

“სახელოვნებო მუზეუმის მისია ასე ერთბაშად არც ერთ სხვას არ გაუყალბებია”

ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია სურათების ეროვნულ გალერეაში მოწყობილ კარავაჯო-ბოტიჩელის ნამუშევრების გამოფენას ეხმაურება და მას შემზარავს უწოდებს:

“სურათების ეროვნულ გალერეაში ბევრნაირი გამოფენა მინახავს. ძალიან ცუდი, საშუალო, საინტერესო. კარგიც. მაგრამ იმაზე უფრო შემზარავი, ვიდრე ახლანდელია, ბოტიჩელი/კარავაჯო, არაფერი!

განა იმიტომ რომ უშნოა რამე (თუმცა საკმაოდ უშნოც არის ამხელა ბოქსები ამ სივრცეში), ანდა არაეფექტური (ეფექტსაც გააჩნია…), ან არაინფორმაციული. უბრალოდ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ცნება, ფასეულობა, ხელოვნების ნაწარმოების ამოცანა და სახელოვნებო მუზეუმის მისია, ასე ერთბაშად, არც ერთ სხვას არ გაუყალბებია.

აღარაფერს ვამბობ, ამ პროექტით მაყურებლისთვის შეთავაზებულ ინფორმაციაში ჩაშვებული, უთვალავი, არაფრისმომცემი კითხვის ნიშნის, არასწორი ინფორმაციის და ძალიან აცდენილი შთაბეჭდილების შესახებ.

მთლიანობაში, პროექტი უზარმაზარ ინტერესს იმეტებს იმედგაცრუებისთვის. იმედგაცრუებული საზოგადოება კი რთული შემოსაბრუნებელია.

პ.ს. სულ სხვა ამბავია, თუ როგორ ზარალდება პროექტის ერთადერთი ხელოვნების ნაწარმოები – ბოტიჩელის ვენერა.”