13 ნოემბერი, 2017

“იმ ერთ წუთში თავის თავს სტიროდა ყველა”

დინამოს სტადიონთან წიგნების ბაზრობაზე 45 წლამდე მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, მას ხანძრის დროს წიგნები დაეწვა და ვალები ჰქონდა.

ნანა აკობიძე:

”დღეს მეწიგნე მიშკამ ჩამოიხრჩო თავი.
დინამოს სტადიონთან, წიგნების ბაზრობაზე, დახლებს შორის.
იკივლეს ქალებმა, თავი გადააქნიეს კაცებმა…

უხერხულად ავიტუზეთ სასკოლო წიგნების საყიდლად მისულები და ამ ამბავს შესწრებულები: ზოგს წიგნი შეგვრჩა ხელში, ზოგს – გადასახდელი ფული…

ხანძარი რომ იყო, წიგნები დაეწვაო, ვალი ჰქონდაო, ჩვენსავითო, მეპროცენტემ მიაკითხაო და მისი წასვლის შემდეგ დახლების სიღრმეში ჩუმად შევიდა და თავი ჩამოიხრჩოო 45 წლამდე კაცმა – მეწიგნე მიშკამ…

ტიროდნენ ბაზრობის ქალები, უხმოდ იდგნენ კაცები და რაღაცნაირად სიჩუმე ჩამოვარდა უცებ: იმ სიჩუმეში, იმ ერთ წუთში თავის თავს სტიროდა ყველა, თავის ვალებს, თავის პრობლემებს, თავის ხვალეს…
დღეს, საღამოს მოხდა ეს…”